ქართველებს „როტორში“ სიომინის თამაშემწე დაუნიშნეს - ის კვირკველიასთან მუშაობის პერსპექტივამ გაახარა #1TVSPORT
ქართველებს „როტორში“ სიომინის თამაშემწე დაუნიშნეს - ის კვირკველიასთან მუშაობის პერსპექტივამ გაახარა #1TVSPORT

ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულ ალექსანდრე ხაცკევიჩს იური ბატურენკო შეცვლის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

როტორში“ ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – საბა კვირკველია, ზუკა დავითაშვილი, ნიკა ყიფიანი და გიორგი არაბიძე. მათთან დაკავშირებული სიახლე ჩვენი გულშემატკივერისთვის ამიტომ არის მნიშვნელოვანი.

იური ბატურენკო ყოფილი ფეხბურთელია, სამწვრთნელო საქმიანობის 20 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნია. დიდი ხნის განმავლობაში, მოსკოვის „ლოკომოტივის“ სტრუქტურაში იური სიომინის თანაშემწეს მუშაობდა და სავარჯიშო პროცესს ხელმძღვანელობდა. ბატურენკო კარგად იცნობს „როტორის“ ფეხბურთელებს, რომლებიც ადრე მოსკოვის გუნდში თამაშობდნენ – მაგალითად, საბა კვირკველიას. მას ბევრი კარგი მოთამაშე აღზარდა – მარატ იზმაილოვი, დინიარ ბილიალეტდინოვი, სხვები.

„მთავარი მწვრთნელის არჩევისას, უპირველესი ამოცანა ისეთი ადამიანის მოძებნა იყო, რომელიც გუნდის თამაშსაც გააუმჯობესებს და გუნდის გაერთიანებასაც შეძლებს. იური ბატურენკო ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია. ის იური სიომინის მხარდამხარ მუშაობდა, გუნდს მასთან ერთად აშენებდა და ამზადებდა. გარდა ამისა, ის ჩვენი ზოგიერთ მოთამაშეს კარგად იცნობს. ეს სხვებთან საერთო ენის გამონახვაშიც დაეხმარება“, – ამბობს „როტორის“ გენერალური დირექტორი ანდრეი რეჩეჩინსკი.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში იური ბატურენკომ თქვა, რომ საბა კვირკველია იმ სამ საუკეთესო მოთამაშეთაგანია, რომელთანაც ოდესმე უმუშავია. მან ქართველ მცველზე დანიშვნის შემდეგაც ილაპარაკა.

„საბასთან ერთად, ივან მაევსკის და კიდევ სამი ბიჭს ვიცნობ. საბა კი სულ სხვა ამბავია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მე მომწონს, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მიხარია, რომ კვლავ მასთან მუშაობის საშუალება მექნება“, – განაცხადა ბატურენკომ.