ქართველების ასპარეზობა პირდაპირ ეთერში - ჩვენი სპორტსმენები ტოკიო 2020-ზე 24 ივლისიდან გამოვლენ #1TVSPORT
ქართველების ასპარეზობა პირდაპირ ეთერში - ჩვენი სპორტსმენები ტოკიო 2020-ზე 24 ივლისიდან გამოვლენ #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველო სპორტის 11 სახეობაში 34 სპორტსმენით წარდგება. ღონისძიებას საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

ქართული დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე არიან. ჩვენი სპორტსმენები გამოსვლას ხვალ დაიწყებენ – ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი.

რუსუდან მანჯგალაძე, საქართველოს პირველი არხის მედია-დირექტორი:

„მთელი მსოფლიო ხუთი წელი ელოდა ოლიმპიურ თამაშებს. როგორც ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას, საქართველოს პირველი არხი ოლიმპიადასაც სრულად შემოგთავაზებთ. ოლიმპიადის მთავარი პარტნიორები ვართ. ქართველი სპორტსმენების წარმატებას და ქვეყნის დროშის აწევას ველოდებით. რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე და ტელესკოლაზე დილის 5 საათიდან დაიწყება, ხოლო საღამოს 6 საათიდან ეთერში დღის შემაჯამებელი გადაცემა გავა“.

გია თვალაბეიშვილი, საქართველოს პირველი არხის სპორტული მიმართუილების ხელმძღვანელი:

„საქართველოს დელეგაციის დევიზია – „უკეთ, ვიდრე 4 წლის წინ“. იმედია, ჩვენი დელეგაცია ბევრ ოქროს მედალს მოიპოვებს. საქართველოს პირველ არხზე კი ვიზრუნეთ და როგორც კი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობას დაიწყებს, პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ“.