ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე - გახსნის ცერემონია დღეს, 15:00 საათზე #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე - გახსნის ცერემონია დღეს, 15:00 საათზე #1TVSPORT

სანახაობრივი და დრამატული ევრო 2020-ის შემდეგ, ზაფხული კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებით გრძელდება. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მეორე შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, პირველად ამის პატივი ტოკიოს 1964 წელს ერგო.

ტოკიო 2020 ოფიციალურად 23 ივლისს, 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება, რომლის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

ტოკიო 2020 წინა წლის ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებამ სახელი მაინც შეინარჩუნა, რაც უპირველესად, მარკეტინგული მიზნების გამო მოხდა.

აღსანიშნავია, რომ სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც რიოში ჩატარდა, ღონისძიებები 37 მოედანზე გაიმართა.

 

კორონავირუსის გამო შექმნილი შეზღუდვები

კორონავირუსმა და მისგან გამოწვეულმა მოვლენებმა თითქმის ყველა ინდუსტრიაზე უარყოფითად იმოქმედა. გამონაკლისი არც სპორტია. 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, გადაიდო არაერთი მატჩი, ტურნირი და სპორტული ღონისძიება, აირია სხვადასხვა შეჯიბრების ფორმატი. აღსანიშნავია, რომ სპორტული კალენდრის ასეთი კარდინალური ცვლილებები ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა გარკვეული შეზღუდვები შემოიღეს, რითაც ეცდებიან მაქსიმალურად შეამცირონ ინფიცირების რისკი. მაგალითად, ღონისძიებებს ხალხი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება, გამარჯვებულები მედლებს თავისი ხელით დაიკიდებენ, ღონისძიებებს მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრებიან და ა.შ.

 

საინტერესო ფაქტები

როგორც ყველა ოლიმპიადა, ტოკიო 2020-იც არაერთი საინტერესო ფაქტით დაგვამახსოვრდება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მედლები, რომლებიც იაპონელებმა გადაწყვიტეს, რომ არაორდინარული მეთოდით დაემზადებინათ. მათ 5000 მედალი 78,985 ტონა გადამუშავებული ელექტრონული მოწყობილობებიდან შექმნეს, მათ ამისთვის ციფრული კამერები, ლეპტოპები და 6 მილიონზე მეტი მობილური ტელეფონი გამოიყენეს.

ციფრული ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სპორტსმენებს ფუტურისტული რობოტები გაუმასპინძლდებოდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, მათ ტოკიო 2020-ზე უდიდესი როლი ექნებათ და ამ პანდემიის დროს დაეხმარებიან გულშემატკივრებს, შორიდან ადევნონ თვალი მათ საყვარელ სპორტსმენებს.

 

ქართველები ტოკიო 2020-ზე

ქართველებს ამ ტურნირზე საკუთარი მისია გვაქვს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ, რომ საუკეთესოთა შორის ყოფნას ვიმსახურებთ. ჩვენი ქვეყანა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი და თითოეულ მათგანს მედლის მოპოვების შანსი ექნება.

 

ძიუდო

ლუხუმ ჩხვიმიანი – 24 ივლისი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი – 25 ივლისი, ვაჟა მარგველაშვილი – 25 ივლისი, ეთერ ლიპარტელიანი – 26 ივლისი, ლაშა შავდათუაშვილი – 26 ივლისი, ტატო გრიგალაშვილი – 27 ივლისი, ლაშა ბექაური – 28 ივლისი, ვარლამ ლიპარტელიანი – 29 ივლისი, გურამ თუშიშვილი – 30 ივლისი.

 

ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე – 25 ივლისი

 

ძალოსნობა

შოთა მიშველიძე – 25 ივლისი, გოგა ჩხეიძე – 25 ივლისი, ანტონ პლესნოი – 31 ივლისი, ლაშა ტალახაძე – 4 აგვისტო.

 

ფარიკაობა

სანდრო ბაზაძე – 24 ივლისი

 

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი – 24-25 ივლისი (პირველი წრე)

 

მხატვრული ტანვარჯიში

სალომე ფაჟავა (საკვალიფიკაციო შეჯიბრი) – 6 აგვისტო.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

იაკობ ქაჯაია – 1 აგვისტო, გიორგი მელია – 2 აგვისტო, რამაზ ზოიძე – 3 აგვისტო, ლაშა გობაძე – 3 აგვისტო.

 

თავისუფალი ჭიდაობა

ავთანდილ კენჭაძე – 5 აგვისტო, გენო პეტრიაშვილი – 5 აგვისტო, ელიზბარ ოდიკაძე – 6 აგვისტო.

 

კრივი

ესკერხან მადიევი – 1/16 ფინალი – 24 ივლისი, ახილ ალახვერდოვი – 1/16 ფინალი – 26 ივლისი, გიორგი ხარაბაძე – 1/16 ფინალი – 26 ივლისი.

 

მძლეოსნობა

სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) – 30 ივლისი, ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა) – 31 ივლისი, გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა) – 3 აგვისტო, ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა) – 3 აგვისტო, ლაშა ღულელაური (სამხტომი) – 3 აგვისტო.

 

ცურვა

ირაკლი რევიშვილი (400 მ. თავისუფალი სტილი) – 24 ივლისი, მარიამ იმნაძე (100 მ. თავისუფალი სტილი) – 28 ივლისი.

 

კარატე

გოგიტა არქანია (კუმიტე)

 

23 ივლისიდან კი თქვენ შეგიძლიათ უყუროთ და უგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს საქართველოს პირველ არხზე.

 

სრული კალენდარი