„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასახელდება

15:19, 20.04.2018

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება ნაადრევია.

„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება.

კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

მსგავსი