ქართული დერბი „დინამოს“ მწვრთნელის გარეშე - გიორგი ნემსაძე დისკვალიფიცირებულია
ქართული დერბი „დინამოს“ მწვრთნელის გარეშე - გიორგი ნემსაძე დისკვალიფიცირებულია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, სადაც ეროვნულ ლიგის პირველ ტურში მოხმდარი ინციდენტები განიხილეს და სასჯელები გამოიტანეს.

სადისციპლინო კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, ქობულეთის „შუქურას“ მოთამაშე, ამირან როხვაძე, 5 მარტს ბათუმის „დინამოსთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. მარტვილის „მერანის“ ყოფილი ნახევარმცველი, გორში მიღებული წითელი ბარათის გამო კლუბს აჭარულ დერბიში ვერ დაეხმარება. თენგიზ ბურჯანაძეზე გამართულ მატჩში, როხვაძე 64-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 95-ე წუთზე მოედანი მეორე გაფრთხილების გამო დაატოვებინეს.

საკუთარ გუნდს ვერ გაუძღვება „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი – გიორგი ნემსაძეც, რომელიც პირველ ტურში წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის დროს, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ 84-ე წუთზე გააფრთხილა, ხოლო 87-ე წუთზე წითელი ბარათიც უჩვენა. შედეგად გიორგი ნემსაძე 3 თამაშს გამოტოვებს.

ამგვარად, „დინამო“ ქართულ „კლასიკოში“, რომელიც, დღეს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ შედგება, პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის გარეშე ესტუმრება. დინამოელებმა დიღმის ბაზაზე ივარჯიშეს და შემდეგ გეზი ქუთაისისკენ აიღეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 78-ე ქართული დერბი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 77 მატჩიდან, 39-ჯერ გამარჯვება თბილისელებმა იზეიმეს, 21 ფრედ დასრულდა, ხოლო 17-ჯერ რიონისპირელებმა მოიგეს. ბურთების შეფარდება 125:70 „დინამოს“ სასარგებლოდაა. ქართული დერბი ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება. დღეს, 5 მარტს სამი შეხვედრა ჩატარდება, ხოლო დარჩენილი ორი შეხვედრა – 6 მარტს.