ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი - მთავარია, შეკრება წაუგებლად დავასრულეთ, რაც შემდეგი თამაშებისთვის წაგვადგება #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი - მთავარია, შეკრება წაუგებლად დავასრულეთ, რაც შემდეგი თამაშებისთვის წაგვადგება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ და გუნდის მეკარემ, თათია გაბუნიამ შეაფასეს აზერბაიჯანთან გამართული ორი ამხანაგური შეხვედრა (3:2, 0:0), რომელიც სექტემბერში დაგეგმილი 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გენერალური რეპეტიცია იყო. 

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მეორე თამაში რთული იყო და ეს წინასწარ ვიცოდით, რადგან აზერბაიჯანმა პირველი თამაში წააგო, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და შეტევაზე წამოვიდა. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ გვაჯობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეორე ნახევარი ძალიან კარგი სანახავი იყო, იყო ორმხრივი მომენტები და რაც მთავარია, ამ გუნდში დავინახე ბრძოლა და სულისკვეთება, რაც უმნიშვნელოვანესია. ვემზადებით ოფიციალური მატჩებისთვის. სამწვრთნელო სტაფი დავსხდებით და გავაანალიზებთ, ვინ გამოვიძახოთ და ვინ – არა. მოთამაშეებს კი მადლობა მინდა გადავუხადო ბრძოლისა და თავდადებისთვის. მთავარია, რომ მოსამზადებელი ეტაპი წაუგებლად დავასრულეთ, რაც შემდეგი თამაშებისთვის ფსიქოლოგიურად წაგვადგება“.

თათია გაბუნია, საქართველოს ნაკრების მეკარე: „აზერბაიჯანის ნაკრებთან ორი თამაში გავმართეთ და ორივე რთული და პრინციპული იყო. ერთი მოვიგეთ, მეორე ფრედ დავასრულეთ. ვფიქრობ, ეს შეხვედრები ნაკრებს სამომავლოდ ძალიან დაეხმარება“.

საქართველოს ნაკრები 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად „ა“ ჯგუფში შვედეთის, ფინეთის, ირლანდიისა და სლოვაკეთის ქალთა ნაკრებებთან ერთად მოხვდა.