ქალთა ლიგა | ჩემპიონმა მოულოდნელად ვერ მოიგო - „კვარტალი“ გალიდერდა #1TVSPORT
ქალთა ლიგა | ჩემპიონმა მოულოდნელად ვერ მოიგო - „კვარტალი“ გალიდერდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ხობში „კოლხეთისა“ და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს“ დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით დასრულდა – სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა, მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში „ნორჩმა დინამომ“ პირველად გაიმარჯვა, რომელმაც „გორი იუნაიტედს“ უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა. ანგარიში პენალტით მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა. 78-ე წუთზე ანგარიში ორამდე მარი ბეგიაშვილმა გაზარდა, 86-ე წუთზე კი, ნადეჟდა ნაკვეთაურმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ნორჩ დინამოს“ პირველი 3 ქულა მოუტანა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა „ლანჩხუთსა“ და „მართვეს“ შორის დაძაბული გამოდგა. 35-ე წუთზე ლანჩხუთელები თეონა ბაქრაძის გოლით დაწინაურდნენ. ორ წუთში, თეონა თოდაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. 59-ე წუთზე ნინო ჩხარტიშვილმა გაიტანა გოლი, 64-ე წუთზე – თეონა ბაქრაძემ დუბლი გაიფორმა, საბოლოო ჯამში „ლანჩხუთმა“ 4:0 გაიმარჯვა.

ქალთა ლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში „ბათუმი“, თბილისის „კვარტალს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ანგარიში ამალია ხანდაზიანმა გახსნა, ანასტასია ბოლქვაძემ კი დუბლი შეასრულა და „კვარტალმა“ „ბათუმის“ კარის აღება კიდევ ორჯერ მოახერხა.

ორი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, ქულების მაქსიმუმით, „კვარტალი“ და „ლანჩხუთი“ ლიდერობენ. მაგრამ „კვარტალი“ გატანილი ბურთების უკეთესი მაჩვენებლით, პირველ პოზიციაზეა.

2 ტურის შემდეგ, 4 გატანილი გოლით, ბომბარდირთა სიას „კვარტალის“ ფეხბურთელი ანასტასია ბოლქვაძე ლიდერობს, 2-2 გოლი აქვთ თეონა ბაქრაძეს („ლანჩხუთი“), თეონა თოდაძეს („ლანჩხუთი“), ელენე ჩიქოვანს („კვარტალი“).

დატოვე კომენტარი