პროკურორი – ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩანაწერების გარდა, მოწმეთა ჩვენებები გვაქვს
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
„რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას უკვე მისჯილი აქვთ, შესაბამისად, არ ვიშუამდგომლეთ, რომ მომხდარიყო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრა. გამოძიება დავიწყეთ 2016 წლის აგვისტოში, რომლის შემდეგ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ბოლო პერიოდში, სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დადგა ის მდგომარეობა, რომ მომხდარიყო ბრალის წარდგენა. ახალი მტკიცებულებები მოვიპოვეთ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ერთი კონკრეტული დისკი, რომელსაც ამ საქმეში ვიყენებთ, მაგრამ ასევე მოპოვებულია 73 დისკი. ყველა დისკი დაათვალიერეს. საბოლოოდ დადგინდა, რომ მკვლელობის მომზადების ნაწილი ჩადენილია ამ სამი პირის მიერ. არჩევნების პერიოდს ნამდვილად არ უკავშირდება პროკურატურის მიერ ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ საქმეს ორი წლის განმავლობაში ვიძიებდით. მარტო ჩანაწერი არ არის ის მტკიცებულება, რაზე დაყრდნობითაც დაიწყო ბრალდების მხარემ სისხლის სამართლებრივი დევნა. აქ არის მოწმეთა ჩვენებები, სხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოთხოვილი ინფორმაცია. სისხლის სამართლებრივი დევნა რომ დავიწყოთ კონკრეტული პირის მიმართ, გვჭირდება იმ პირის მიმართ მამხილებელი მტკიცებულება. საბოლოო ჯამში, სტანდარტი გაგვიჩნდა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, დევნა დაწყებულიყო ამ პირების მიმართ“, – განაცხადა გუმბერიძემ.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.