პროკურატურა - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა გაიზრდება
პროკურატურა - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა გაიზრდება

პროკურატურის საპროცესო განყოფილების უფროსის მოადგილის იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის მამა მირზა სუბელიანი პროკურატურაში კადრების განყოფილებაში მუშაობდა და საქმეზე მისი თანამდებობა გავლენას ვერ მოახდენდა.

ამის შესახებ ხუციშვილმა საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების საქმის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა გაიზრდება.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილების გამო. გამოძიებისთვის მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, ჩვენი პოზიცია უმკაცრესია.

პროკურატურის თანამშრომელმა, მირზა სუბელიანი გუშინ მომართა განცხადებით მთავარ პროკურორს გადადგომის თაობაზე. გამოძიებას შსს აწარმოებს, პროკურატურა საპროცესო ხელმძვანელობას უწევს.  სუბელიანს შემხებლობა ვერ ექნებოდა ამ საქმესთან, ის კადრების განყოფილებაში მუშაობდა და გავლენას ვერ მოახდენდა. მან თანამდებობა დატოვა, რომ სპეკულაციები არ ყოფილიყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა ყველაფერს აკეთებს. ინტენსიურ რეჟიმშია საგამოძიებო მოქმედებები, გაიზრდება პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ”,- განაცხადა იოსებ ხუციშვილმა.

თბილისში, 51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამის, მირზა სუბელიანის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დააკმაყოფილა.

სუბელიანი მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით გუშინ მიმართა.

ამასთან, გუშინ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც და აღნიშნა, რომ  51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი პროკურატურის მუშაკია, თუმცა გამოძიებასთან შემხებლობა არ აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.