პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გამოცხადებული თხუთმეტივე ტენდერი მომდევნო, შერჩევა-შეფასების ეტაპზე გადავიდა
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გამოცხადებული თხუთმეტივე ტენდერი მომდევნო, შერჩევა-შეფასების ეტაპზე გადავიდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის ღირებულების 15-ივე ტენდერი უკვე გაიხსნა. იინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თხუთმეტივე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები და შესაბამისად, თხუთმეტივე ტენდერი გადავიდა მომდევნო – პრეტენდენტების შერჩევა-შეფასების ეტაპზე. შერჩევა-შეფასების პროცედურები კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდება, რომლის შედეგადაც, გამოვლინდება თითოეულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

სახელმწიფო ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს. თითოეული ტენდერის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ტენდერების შედეგად გამოვლინდება ის კომპანიები, რომლებიც შეასრულებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ მდებარეობებსა და ობიექტებს, პირველდი სხდომები ყველა რეგიონში უკვე გამართა. ორი კვირის განმავლობაში 10 რეგიონში ჩატარებულ სხდომებზე შეირჩა ის მდებარეობები, რომელთა ურბანული განახლების სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იმუშავებენ.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

დატოვე კომენტარი