პრობლემები მხატვრულ ტანვარჯიშში - სამინისტროში პრეტენზიები უკვირთ
პრობლემები მხატვრულ ტანვარჯიშში - სამინისტროში პრეტენზიები უკვირთ

მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელისო ბედოშვილი სათანადო პირობების შექმნას ითხოვს. მან კოლეგებთან ერთად დღეს ტანვარჯიშის დარბაზში პრესკონფერენცია გამართა და არსებულ პრობლემაზე ისაუბრა.

„ჩვენი სპონსორის დახმარებით 25 ათას ევროდ ღირებული ხალიჩა შევიძინეთ, მისი დაგება კი თბილისში გახსნილ ტანვარჯიშის დარბაზში გვსურს, მაგრამ პრობლემას ვაწყდებით. საამისოდ საჭიროა, რომ სპორტული ტანვარჯიშის და ბატუტის დანადგარები მცირედით გაიწიოს. მაგრამ ჯერ ეს ამბავი ვერ წყდება”, – ამბობს ბედოშვილი.

„თავიდან ეს დარბაზი სამივე სახეობის ტანვარჯიშისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ სამი სახეობის სპორტსმენები – მხატვრული და სპორტული ტანმოვარჯიშეები და ბატუტისტები ისე მჭიდროდ ვვარჯიშობთ, რომ ეს შესაძლოა, მათი ჯანმრთელობისთვის საშიშიც იყოს. ალბათ, მხატვრული ტანვარჯიში იმსახურებს, სათანადო პირობები ჰქონდეს“,- აცხადებს მწვრთნელი ნინო კიკვაძე.

მათ ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რუსიკო სიხარულიძე გამოეხმაურა.

„მსგავსი პრესკონფერენციები რომ იმართება, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ თუ თავად მოითხოვენ, მეც გამიხარდება, მხატვრული ტანვარჯიშისთვის ცალკე დარბაზი თუ აშენდება“,- განაცხადა სიხარულიძემ.

ელისო ბედოშვილს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმაც უპასუხა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით კი, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„პრესკონფერენციაზე არაფერი ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა, რადგან საკითხი განიხილებოდა და პრობლემის მოგვარებას დღე-დღეზე ველოდებით“,- აცხადებს ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი.

სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დირექტორ ირაკლი დოლაბერიძისთვის ეს პრეტენზიები გაუგებარია.

„ვიცოდით, რომ გარკვეული საკითხები წამოიწია, მაგრამ ამაზე ერთი კვირის წინ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილებაც მიღებულია – სპორტსმენებს სავარჯიშო პროცესში არანაირი შეფერხება არ ექნებათ“,- აცხადებს დოლაბერიძე.