პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში მატჩის შემდეგ ინტერვიუებში ყველაზე ხშირად თომას ტუხელი იმართლებდა თავს #1TVSPORT
პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში მატჩის შემდეგ ინტერვიუებში ყველაზე ხშირად თომას ტუხელი იმართლებდა თავს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ დამრიგებელი თომას ტუხელი სათავეში ჩაუდგა იმ მწვრთნელთა სიას, რომლებიც ყველაზე მეტად წუწუნებდნენ და თავს იმართლებდნენ პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში.

გამოცემა The Athletic-ის თანამშრომლებმა მოისმინეს ყველა ინტერვიუ (სულ 492), რომელიც მთავარმა მწვრთნელებმა მისცეს საშინაო მატჩებში წაგების ან ფრეს შემდეგ.

დათვლის შედეგად, ყველაზე ხშირად წარუმატებელ თამაშს გარემოებებს აბრალებდა ტუხელი. ქულების დაკარგვის შემდეგ მიცემული 19 ინტერვიუდან 11-ში ის შემამსუბუქებელ ფაქტორებს ეძებდა: სამჯერ დასახელდა კორონავირუსი, ორ-ორჯერ – მსაჯები, უიღბლობა, ცალკეული ფეხბურთელების შეცდომები. თითოჯერ გერმანელმა მიუთითა გუნდის დაღლილობაზე და „სტემფორდ ბრიჯის“ გაზონის მდგომარეობაზე.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ – მისგან წუწუნი 55.5 პროცენტ შემთხვევებში ისმოდა.

რალფ რანგნიკი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2021 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა, თავს იმართლებდა ინტერვიუების 40 პროცენტში. მან მე-10 ადგილი დაიკავა.

იურგენ კლოპი (ლივერპული, 33,3%) მე-12 ადგილზე გავიდა, პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, 27,3%) – მე-16 ადგილზე, ანტონიო კონტე (ტოტენჰემი, 15,4%) – 26-ე ადგილზე.

ყველაზე ნაკლებად იყვნენ დაკავებულნი საკუთარი თავის მართლებით „ლიდსის“ მწვრთნელები – მარსელო ბიელსა (13%, 28-ე ადგილი) და ჯესი მარში (12,5%, 29-ე ადგილი).