პორზინგისი შემდეგი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს
პორზინგისი შემდეგი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს

„დალას მავერიქსის“ ცენტრი კრისტაპს პორზინგისი NBA-ს შემდეგი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს.

პორზინგისმა „კლიპერსის“ წინააღმდეგ პლეი ოფის პირველ თამაშში მუხლი დაიზიანა. ლატვიელმა კალათბურთელმა ოპერაცია ოქტომბრის დასაწყისში გაიკეთა და ექიმებთან ერთად რეაბილიტაციის კურსს გადის.

„დალასი“ 3-წლიანი ჩავარდნის შემდეგ წინა სეზონში პირველად გავიდა პლეი ოფში და „კლიპერსის“ წინააღმდეგ სერიაში დამარცხდა (2:4).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „მავერიქსის“ წარმატებაში, ლუკა დონჩიჩთან ერთად, პორზინგისსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კალათბურთელის პარკეტზე ყოფნა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

პორზინგისმა წინა სეზონში საშუალოდ 20.4 ქულა და 9.5 მოხსნა დააგროვა.  25 წლის ცენტრი „დალასს“ 2018-19 წლების სეზონში შეუერთდა და ტრავმის გამო თამაში საერთოდ არ მოუწია. შესაბამისად, 2019-20 წლების სეზონი კრისტაპისთვის „მავერიქსის“ მაისურით პირველი იყო.

შეგახსენებთ, რომ პორზინგისმა „დალას მავერიქსთან“ 2019 წელს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, საიდანაც ის 158 მილიონ დოლარს მიიღებს.