პორტუგალიაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის არაოფიციალურმა დებიუტმა პორტუგალიელები გულგრილი არ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური გუნდი შოტლანდიურ „სელტიკთან“ 0:2 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თამაში დადებითად შეაფასეს.
ქოჩორაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, მორტენ ჰიულმანდის ნაცვლად შევიდა – ამ დროს ანგარიში 0:1 იყო.
Abola
„ქოჩორაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან კარგად ჩაერთო. პირველივე მატჩში გამოჩნდა, რომ ის „სპორტინგს“ გააძლიერებს. ქართველი კომუნიკაბელურია, შეტევით მანევრებში დინამიკურია და მოედანს კარგად ხედავს. უშიშარია, თამაშს საკუთარ თავზე იღებს და ბურთს ფლობს. ეს არის დადებითი შეფასება მხოლოდ ნახევარსაათიანი დებიუტის შემდეგ. უარყოფითი? სწორედ მან დაკარგა ბურთი, რის შემდეგაც ანგარიში 0:2 გახდა. თუმცა, საერთო ჯამში, შთაბეჭდილება დადებითია“, – წერს Abola.
Sporting Things-ი
„ქოჩორაშვილი მოედანზე გამოვიდა და ყველა მოხიბლა. მან შთაბეჭდილება პირველივე შეხებით მოახდინა – ყოველთვის კონცენტრირებულია, ზუსტია და მარტივად თამაშობს. წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას ავლენს პასებში: მარტივად პოულობს თავისუფალ სივრცეებს და ხარისხიანად აკეთებს გრძელ პასებს.
ტექნიკური თვისებების გარდა, ინდივიდუალური თვისებებიც გამოაჩინა – აკონტროლებს თამაშს, ხელმძღვანელობს თანაგუნდელებს და მშვიდ, მაგრამ ეფექტურ ლიდერობას ავლენს. ის მოწინააღმდეგის ზეწოლას კარგად უმკლავდება და როდესაც თავად აპრესინგებს, ამას დაფიქრებულად აკეთებს, მაღალი ზეწოლის ქვეშ მოედანს კარგად ხედავს. ეს უდავოდ შესანიშნავი დებიუტია“, – აღნიშნა Sporting Things-მა.