პოლიციის ინფორმაციით, ერევანში აქციის 29 მონაწილე დააკავეს 
პოლიციის ინფორმაციით, ერევანში აქციის 29 მონაწილე დააკავეს 

სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ერევანში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 29 დემონსტრანტია დაკავებული.

მხარდამჭერების დაკავების შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიის „ელქის“ ლიდერი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს. ის მომხრეებს ერევნის ქუჩების ბლოკირებისკენ მოუწოდებს.

სამართალდამცველები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, მომიტინგეებთან დისტანცია დაიცვან.

სომხეთის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი შეკრებების თავისუფლების შესახებ“ პოლიციას აძლევს უფლებას, მიტინგი სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია მზად არის, ნებისმიერ დროს შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

ერევნის ცენტრში მომიტინგეებს ამირიან-მაშტოცის ქუჩების კვეთა ავტობუსით აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები საფრანგეთის მოედანზე იკრიბებიან.

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურას 12:00 საათზე უნდა უყაროს კენჭი. აქციის მონაწილეები სარგსიანის პრემიერად არჩევას აპროტესტებენ.