სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების პარალელურად, ერევნის ცენტრში აქცია გაგრძელდება
სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების პარალელურად, ერევნის ცენტრში აქცია გაგრძელდება

სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების პროცესის პარალელურად, ერევნის ცენტრში აქცია გაგრძელდება. ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში ერევნის ქუჩებში მომხრეებთან ერთად გადაადგილდება და მოსახლეობას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

დღეს ოპოზიციის მომხრეებს პარლამენტთან მასშტაბური აქცია აქვთ დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.

ბაგრამიანის მოედნის ყველა შესასვლელი რკინის კონსტრუქციებით და სკამებით არის გადაკეტილი. აქ უკვე გამოჩნდნენ სპეცრაზმის წარმომადგენლები.

ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მომიტინგეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას აგრძელებენ, რათა პარლამენტმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევა ვერ მოახერხოს.

„უნდა ჩავკეტოთ პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა“, – განაცხადა გუშინ ფაშინიანმა.

აქციის მონაწილეების მიზანია, ექსპრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ სერჟ სარგსიანს სომხეთის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ.

გუშინდელ აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სულ მცირე, ორი დემონსტრანტი. პოლიციამ მოედანზე მავთულხლართები დაამონტაჟა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა.

13 აპრილს ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა დილით არის დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის პროცესს ასრულებს. გასულ ორშაბათს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელმაც კანონის თანახმად, მთავრობა დაითხოვა.

ფოტო – მირიან მელაძე