„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა
„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხელი მოაწერა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, თუმცა არა ყველაფერს.

„ხელი ყველაფერს არ მოვაწერეთ, რადგან არ ვეთანხმებით. ვეთანხმები ძირითად აზრსა და დებულებებს, რის გამოც ბოიკოტი შევწყვიტეთ და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას ვუბრუნდებით.

საუბედუროდ, ძირითადად, შეთანხმება მორიგი ბნელი გარიგებაა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ სპექტრს შორის, რომელთაც დიდი შეცდომა დაუშვეს და გაერთიანდნენ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში. არ შევეგუებით და არ შევაფასებთ უგულავას საქმიანობას პოლიტპატიმრობად.

თავის დროზე, გიგი უგულავა უცნაურად და უსამართლოდ გაათავისუფლეს და შემდეგ ძალიან უცნაურ პირობებში ისევ პატიმრობაში მიაბრუნეს. გეგონებათ, ხელოვნურად იყო გაკეთებული და ტელევიზიითაც ხელოვნური სცენები ვიხილეთ“, – განაცხადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო ბოიკოტი 14 ნოემბრის პლენარული სხდომის შემდეგ გამოაცხადა, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.