პარლამენტში საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება
პარლამენტში საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება

პარლამენტში საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა სამ კომიტეტში გაგრძელდება.

უმცირესობა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში განიხილავს და ფიქრობს, რომ თუნდაც პენსიების კუთხით, ხელისუფლებას უფრო მეტი ზრდის რესურსი ჰქონდა.

მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 5 პროცენტია. ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს.

„ზოგადად, ბიუჯეტი მთავარი გამოწვევაა და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ განსაკუთრებით ცდილობს ამ მიმართულებით იყოს ორიენტირებული, ამიტომ წინა პლანზე ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა წამოწეული. ბიუჯეტის კრიტიკის საფუძველი მაშინ იქნებოდა, რომ იყოს დრამატული კლება იმ ძირითადი ფაქტორების მიმართულებით, რომლებმაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას. ერთადერთი, რაც მაკლია პრიორიტეტების სახით, ეს არის მეცნიერული კვლევები, რადგანაც მხოლოდ ამ სამეულის შეკვრით ხდება ხოლმე, როგორც წესი, ძირითადი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ. ეს ნაკლოვანებაც, დარწმუნებული ვარ, აღმოიფხვრება“, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ.