„პარკ დე პრენსზე“ დაზიანეული მოედანის საფარის გამო ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩს პსჟ „რენთან“ სტუმრად ჩაატარებს #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-ისა და „რენის“ მატჩის ჩატარების ადგილი შეიცვალა.
შეხვედრა პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ უნდა გამართულიყო, თუმცა ძლიერმა სიცხეებმა მოედნის საფარი იმდენად დააზიანა, რომ იქ მატჩის გამართვა გამოირიცხა. ამის გამო გადაწყდა, რომ გუნდებმა როლები გაცვალონ – პირველი მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გაიმართება, სადაც „რენი“ იქნება მასპინძელი, ხოლო მეორე წრის შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.
საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (LFP) და პსჟ-მა ერთობლივად შეისწავლეს სტადიონის მდგომარეობა. დასკვნის თანახმად, გაზონის ამჟამინდელი პირობები ვერ უზრუნველყოფდა თამაშის სათანადო სტანდარტებით ჩატარებას და რისკს უქმნიდა ფეხბურთელების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
მოედნის საფარს უმოკლეს ვადებში სრულად შეცვლიან. ამის წყალობით 4 სექტემბერს დაგეგმილი ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩისთვის, რომელშიც პსჟ „მონაკოს“ დაუპირისპირდება, „პარკ დე პრენსი“ თამაშის მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება.
„რენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.