პარიზის დიდი სლემი -81კგ - ტატალაშვილიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო]

პარიზში კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი საქართველოს ნაკრებს ნუგზარ ტატალაშვილმა შეუნარჩუნა.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟის ნახევარფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვთან ცხრაწუთიანი ორთაბრძოლა გამართა.

ტატალაშვილი თავიდან ვაზარით ჩამორჩა, რასაც ძირითადი დროის მიწურულს ასევე ვაზარით უპასუხა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ოქროს ქულისთვის ბრძოლა ძირითად დროზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ქართველი ფალავნის მოგებიანი გდებით 4 წუთსა და 4 წამში დასრულდა.

კვარცხლბეკზე ასასვლელად ტატალაშვილი კანადელ ანტუან ველოის-ფორტიერს დაუპირისპირდება, რომელიც ნახევარფინალში იაპონელ ფუჯივარასთან დამარცხდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლები „ბერსი არენას“ ტატამებზე 20:00-იდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილი, მეორე წრეში დამარცხდა.