პაოკ-ის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს - რატომაც არა, სიამოვნებით, ეს ქვეყანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს #1TVSPORT
პაოკ-ის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს - რატომაც არა, სიამოვნებით, ეს ქვეყანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს #1TVSPORT

საბერძნეთში გაზრდილი 19 წლის თავდამსხმელი ვასილის გორდეზიანი მზადაა, საქართველოს სახელით ითამაშოს, – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ გორდეზიანი სალონიკის პაოკ-ში გამოჩნდა და ამხანაგურ მატჩში „ვოლოსს“ (3:1) გოლი გაუტანა.

„საქართველოს ნაკრებში რომ მომიწვიონ, თუ ვითამაშებდი? რატომაც არა! სიამოვნებით. მადლობა თქვენ, რომ ჩემით დაინტერესდით. საქართველოში ბოლოს 2007 წელს ვიყავი და სამწუხაროდ, კავშირი მარტო ჩემს ნათლიასთან მაქვს. პატარა ვიყავი და ბევრი რაღაც არ მახსოვს. მაგრამ საქართველო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მარტში სალონიკში საბერძნეთი-საქართველოს ნაკრების მატჩში არ ვიცოდი, ვისთვის მექომაგა, რადგან ჩემთვის ორივე ქვეყანა ძვირფასია. გამიხარდება, რომ ორივე ჯგუფიდან გავიდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. მე ყოველთვის ვიტყვი – გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ელადას!“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ვასილის გორდეზიანმა.

19 წლის თავდამსხმელმა თავისი ოჯახის საბერძნეთში მოხვედრის ისტორია გვიამბო.

„მამაჩემი ქართველია, დედა – ბერძენი. 11 თვის ვიყავი, ჩემი ოჯახი საქართველოდან საბერძნეთში რომ გადმოვიდა და ვარჯიშიც სალონიკში 5 წლიდან დავიწყე. 2014 წლიდან პაოკ-ის საფეხბურთო აკადემიაში ვვარჯიშობდი, მთავარ გუნდში ახლა დამაწინაურეს“.

რა შანსი აქვს, რომ პაოკ-ის ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს? გორდეზიანს ამაზე საუბარი უჭირს.

„ჯერჯერობით არ ვიცით, მთავარ გუნდში ვითამაშებ თუ არა. მაგრამ მიმაჩნია, რომ საამისოდ უკვე მზად ვარ და შანსს ველოდები, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო. იჯარას და სხვა გუნდში გადასვლას არც ვფიქრობ და გუნდიდანაც არ მიშვებენ“.

პაოკ-ის თავდამსხმელი არ მალავს, რომ ქართულ ფეხბურთს კარგად არ იცნობს.

„სამწუხაროდ, ცოტა რამ ვიცი, ვინაიდან ქართველებთან ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა, ჩემი სამშობლოა და ბუნებრივია, ჩვენებს ვგულშემატკივრობ. პაოკ-ში ჩემი თანაგუნდელი ნიკა ნინუაა. ველაპარაკე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ნიკა ძალიან კარგი ადამიანი და ძლიერი ფეხბურთელია. მჯერა რომ ერთად ვითამაშებთ – პაოკ-ში თუ არა, იმედია, ადრე თუ გვიან ამას საქართველოს ნაკრებში მოვახერხებ“.