პაოკ-ში უცნობი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა - ბერძნული მედია მას საინტერესოდ ახასიათებს #1TVSPORT
პაოკ-ში უცნობი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა - ბერძნული მედია მას საინტერესოდ ახასიათებს #1TVSPORT

უცხოეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ფეხბურთელების სიაში კიდევ ერთი გამოჩნდა – სალონიკის პაოკ-ის თავდამსხმელი – ვასილიოს გორდეზიანი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში „ვოლოსთან“ (3:1) 44-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

ვასილიოს გორდეზიანი 2002 წლის 29 იანვარს საბერძნეთში, სალონიკში დაიბადა. პოზიციით თავდამსხმელი საკმაოდ მაღალია (184 სმ). თავიდან სალონიკის „აიაქსში“ ვარჯიშობდა, 2014 წლიდან კი პაოკ-ის აკადემიაში მიიწვიეს და საბერძნეთის 15 და 19-წლამდეთა ასაკის ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა და ძალიან კარგი სტატისტიკა დააგროვა, განსაკუთრებით კი საგოლე პასებით გამოირჩეოდა.

„სალონიკის პაოკ-ში 2014 წლიდანაა. ის შემტევია, რომელსაც შეუძლია ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად ითამაშოს. ძლიერი და იმპულსური ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგია ორთაბრძოლებში და ძალიან მონდომებული ბომბარდირია“, – ასე ახასიათებს გორდეზიანს პაოკ-ის ვებგვერდი.

ბერძნული ინტერნეტ-გამოცემა sdna მას საკმაოდ საინტერესოდ აღწერს.

„ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში ვასილის გორდეზიანი ჩაწეული გეტრებით გამოჩნდა და მაშინვე ყურადღება მიიპყრო. მაშინვე თვალში მოგვხვდა მისი „ფოლადის“ ფეხები, რომლებიც ათასობით საათის შრომაზე მიუთითებდა. ის „პაოკის“ აკადემიაში 2014 წლიდან ვარჯიშობს. ღმერთისგან ბოძებული ნიჭი არ აქვს, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარეა. გორდეზიანმა 45 წუთი ითამაშა. მას უცნაური სხეული აქვს. ის ხარივით ძლიერია და კარგად გამოიყურება. მოკლე ფეხებით და პატარა ნაბიჯებით მოცულობითი და მძიმე ჩანს. მაგრამ ბურთით „აფეთქებას“ ახერხებს და არავის ერიდება“.

ჟურნალისტის თქმით, გორდეზიანს სათამაშო დროს ოფიციალურ თამაშებშიც მისცემენ.

„მთავარია, გორდეზიანმა პირველივე შეხვედრაში გაიტანა, თავდამსხმელი კი ყურადღებას ამით იპყრობს. ცუდი დასაწყისი არაა. შეიძლება ახლა არ ათამაშონ, მაგრამ თავის პირველ ამხანაგურ მატჩში გორდეზიანმა ხმამაღლა დაიყვირა, რომ ისიც გუნდშია და პაოკ-ში სათამაშო წუთებს მიიღებს. ამიტომ მოედანზე ვასილის გორდეზიანის ჩაწეული გამაშებით გამოჩენას კიდევ ველოდებით“.