„პანათინაიკოსის“ რთული გამარჯვება „ბასკონიასთან“ - „რეალმა“ საკუთარ მოედანზე მოიგო
„პანათინაიკოსის“ რთული გამარჯვება „ბასკონიასთან“ - „რეალმა“ საკუთარ მოედანზე მოიგო

საკალათბურთო „ევროლიგის“ რეგულარული სეზონის ფინიში, უაღრესად დაძაბული და საინტერესო მატჩებით გამოირჩევა. ამის მიზეზი სატურნირო მდგომარეობაა. რამდენიმე გუნდი პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის და ბოლო ტურამდე, დიდი ალბათობით გაურკვეველი იქნება, თუ რომელი რვა კლუბი მოიპოვებს შემდგომი ეტაპის საგზურს.

უშუალო კონკურენტების დაპირისპირება შედგა, „ოაკას“ დარბაზში, სადაც ადგილობრივმა „პანათინაიკოსმა“ თორნიკე შენგელიას გარეშე მოასპარეზე „ბასკონიას“ უმასპინძლა. გამარჯვების მოტივაცია ორივე კლუბს საკმარისზე მეტი ჰქონდა. „პაო“ წაგების შემთხვევაში, საკმაოდ ირთულებდა სატურნირო მდგომარეობას. ბერძნულმა გრანდმა, თავიდანვე აქტიურად და აგრესიულად დაიწყო და ტაიმი, 21 ქულიანი უპირატესობით დაასრულა. თითქოს, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა სტუმრებმა პრაქტიკულად, უშეცდომოდ ჩაატარეს მესამე მეოთხედი, რომელიც 21-8 მოიგეს. ასევე წარმატებით ითამაშეს დასკვნითი პერიოდის საწყისი წუთები და იმდენი მოახერხეს, რომ სამი ქულით წინაც გავიდნენ.

მსგავსმა სცენარმა, მასპინძლები ვერ გატეხა. ნიკ კალატესის და დეშუან ტომასის ბრწინვალე თამაშის წყალობით, „პანათინაიკოსმა“ მაინც მოიგო ანგარიშით 72-70. ტომასმა, 16 ქულა გააკეთა. კალატესის მონაგარმა – 11 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა შეადგინა. ათენურ კლუბს, 27 თამაშის შემდეგ, 14 მოგება და 13 მარცხი აქვს. ანალოგიური ბალანსი აქვთ „ბასკონიას“, „ოლიმპიაკოსს“ და „მილანს“.


მილანელებმა მადრიდში წააგეს. არადა თითქმის მთელი შეხვედრა სტუმრები ლიდერობდნენ. მაიკ ჯეიმსის 35-მა ქულამ „ოლიმპიას“ ვერ უშველა. „რეალმა“ უკანასკნელ წუთებზე, გუნდური კალათბურთით აჯობა მეტოქეს და ანგარიშით 92-89 გაიმარჯვა.

მადრიდელებმა 21-ე თამაში მოიგეს და მინიმუმ მესამე ადგილი გაინაღდეს. მოქმედ ჩემპიონს, რეგულარული სეზონის მოგების შანსიც აქვს. მომდევნო ტურში, პაბლო ლასოს გუნდი, „ბასკონიას“ სტუმრად შეხვდება.მილანელთა მეტოქე, „პანათინაიკოსი“ იქნება.

დღეს, 27-ე ტურის, დარჩენილი ოთხი თამაში გაიმართება. გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლებს.


დარუშაფაკა-ხიმკი 91-85
მაკაბი-ჟალგირისი 83-85