პაკისტანში, პოლიციის განყოფილებასთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, პოლიციის განყოფილების მიმდებარედ, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია, სულ მცირე, 18 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყანა მზარდ ამბოხებებს ებრძვის. ირკვევა, რომ კვირას იმავე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პოლიციის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა სწორედ ეს აქცია თავდასხმის სამიზნე.
რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი პოლიციელი და რვა მშვიდობიანი მოქალაქეა. მათივე ცნობით, მე-14 დაღუპული, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტია.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაწყებულია ოპერაცია ყველა იმ პირის დასაკავებლად, ვინც, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა ამ თავდასხმის განხორციელებას.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“, იმავე პაკისტანის „თალიბანმა“ აიღო.
ბოლო თვეებში პაკისტანის სასაზღვრო რეგიონებში მკვეთრად გაიზარდა შეიარაღებული თავდასხმები, რომელთა სამიზნესაც ძირითადად სამხედროები და პოლიციელები წარმოადგენენ. პაკისტანის მთავრობა ესკალაციაში ავღანეთის „თალიბანს“ ადანაშაულებს და მას შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაში სდებს ბრალს. „თალიბანის“ მთავრობა კი ამ ბრალდებებს უარყოფს.