პაატა მანჯგალაძე - ეროვნული ენერგია, რასაც დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, ქვეყანას უნდა მოვახმაროთ
პაატა მანჯგალაძე - ეროვნული ენერგია, რასაც დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, ქვეყანას უნდა მოვახმაროთ

ეროვნული ენერგია, რასაც დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, ქვეყანას უნდა მოვახმაროთ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან კომენტარი გააკეთა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.

მანჯგალაძის თქმით, ქვეყანას საყოველთაო შერიგება და ეროვნული თანხმობა ნამდვილად სჭირდება

„განვითარებული ქვეყნების მაგალითებს თუ ვნახავთ, მიხვდებით, რომ ყველამ გაიარა ის გზა, რაც დაპირისპირების შემდეგ აუცილებელია და ეს არის ეროვნული თანხმობა. ეს ყველა ადამიანსა და პარტიას სხვადასხვა მხრიდან ესმით. ეროვნული ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, ქვეყანას უნდა მოვახმაროთ. ნაცვლად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლარიზაცია შეამციროს, ახალ-ახალი შხამით კვებავს დაპირისპირებას და ამას აკეთებენ მიზანმიმართულად. „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები არსებობენ, რომელთა მიმართ კანონი არ ვრცელდება და მათ შეუძლიათ, ნებისმიერი ქმედება ჩაიდინონ, მათ შორის მკვლელობა. ამ ფონზე არიან ადამიანები, ვისზეც მთელი სიმკაცრით კანონმდებლობას ავრცელებენ და უფრო მეტიც, პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს დევნიან. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 2024 წელს ხელისუფლების გადაცემა უწევს და მაქსიმალურად ცდილობს, ხელისუფლებაში ყოფნა ამ დრომდე გაიხანგრძლივონ.

ნებისმიერი არჩევნები, მათ შორის ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს. მათ ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენი ძარცვის უფლება ჰქონდეთ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები არსებობს, სადაც შეგიძლიათ პენიტენციური სამსახურის ნაწილი ნახოთ – როცა თეა წულუკიანი მინისტრი იყო, იქ მილიონზე მეტი ღირებულების ტექნიკაა დაკარგული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამას აკეთებენ – ძარცვავენ. რა თქმა უნდა, ისინი ძალაუფლებას თავის ნებით არ დათმობენ. ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, რომ მთელი საზოგადოების ნება იყოს ასახული საქართველოს პარლამენტში და ერთმა არ დაჩაგროს – მეორე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.