პაატა ბაირახტარი - ეროვნული ბანკი როდესაც ცდილობს, სრული იგნორი გაუკეთოს ქვეყანაში პროცესებს, ეს მდგომარეობას ამძიმებს
პაატა ბაირახტარი - ეროვნული ბანკი როდესაც ცდილობს, სრული იგნორი გაუკეთოს ქვეყანაში პროცესებს, ეს მდგომარეობას ამძიმებს

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის თქმით, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი 20 პუნქტით უფასურდება, ეს იმხელა გაუფასურებაა, რომ შეუძლია, მნიშვნელოვანი წნეხი გამოიწვიოს ინფლაციაზე და მან დააჩქაროს ინფლაციური პროცესები.

„როდესაც გამოდის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ამბობს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ის ჩაერევა, მისი საჭიროება დადგა ძალიან დიდი ხნის წინ“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

მისი თქმით, არსებულ რეალობაში კურსის მდგომარეობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით.

„პირველი – კი ბატონო, არის ეგზოგენური ფაქტორები ტურიზმის მიმართულებით, უკვე გარკვეული პერიოდია, ინვესტიციების შემცირება გვაქვს. რასაკვირველია, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ნაკლები ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში და ეს ახალისებს კურსის გაუფასურებას. მაგრამ, დღეს არსებული კურსი გაცილებით მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას განაპირობებს მაკროეკონომიკური პარამეტრები. ასეთ რეალობაში უკვე ირთვება ცენტრალური ბანკის როლი. ეროვნული ბანკი როდესაც ცდილობს, რომ სრული იგნორი გაუკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ამ შემთხვევაში ეროვნულ ვალუტას, ეს რასაკვირველია ამძიმებს მდგომარეობას, ეს რასაკვირველია საზოგადოებას უჩენს გარკვეული შიშის განცდას და ისინი ცდილობენ, მოიშორონ ეროვნული ვალუტა იმ მოტივით, რომ ეროვნული ვალუტა გააგრძელებს გაუფასურებას.

ბოლოს რა მოხდა, მონეტარული სხდომის შემდეგ, ყველა ელოდა, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდებოდა და ის დანაკლისი, რომელიც გვქონდა და ის დისბალანსი, რომელიც გვქონდა ჩვენსა უცხოურ ვალუტას შორის, გარკვეულწილად ეროვნული ბანკი მოთოკავდა. ეროვნულმა ბანკმა რატომღაც მიზნობრივი მაჩვენებელი დატოვა უცვლელი, ამან გამოიწვია გარკვეული პანიკა და საკმაოდ ობიექტური პანიკა სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებში. მათ დაიწყეს ვალუტის მოშორება და ამან ტექნიკური წნეხი კიდევ უფრო გაზარდა ეროვნულ ვალუტაზე. ეს არის მოცემულობა და როდესაც გამოდის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ამბობს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, ის ჩაერევა და გამოიყენებს ინსტრუმენტებს, ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, ამის საჭიროება დადგა ძალიან დიდი ხნის წინ“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.