ოთარ ტატიშვილი - მსაჯთა ბრიგადა მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, ინციდენტი არ მოხდებოდა და ასევე, დაცვის სამსახურს სათანადოდ უნდა ემუშავა
ოთარ ტატიშვილი - მსაჯთა ბრიგადა მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, ინციდენტი არ მოხდებოდა და ასევე, დაცვის სამსახურს სათანადოდ უნდა ემუშავა

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მწვრთნელი, ოთარ ტატიშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობისას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტისას მსაჯთა ბრიგადა მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და ასევე, დაცვის სამსახურს სათანადოდ უნდა ემუშავა. ოთარ ტატიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

​„კითხვები ძირითადად შეეხებოდა შეხლა-შემოხლის მიზეზს. ზურამ გამოხატა თავისი ემოცია, პირადი პროტესტი და რატომ არ იხმარეს მსაჯებმა ე.წ. ყვითელი ბარათი, ჩემთვის გაუგებარია. ამას მოყვა აურზაური. დაცვის სამსახურმა უნდა იმუშაოს უფრო მოწოდების სიმაღლეზე. მე ამ დროს მაყურებლებში ვიყავი, იქვე უყურებდნენ ჩემი მოსწავლეები. პირველი ჩემი მოწოდება იყო ჩემი მოსწავლეებისადმი, რომ დაეტოვებინათ ის ადგილი და გასულიყვნენ გასასვლელისაკენ. ინციდენტი არ დამინახავს. ზურა რომ იყო ექიმებთან, ბოლოს ეს ვნახე. მსაჯთა ბრიგადა მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა და ასევე, დაცვის სამსახურს სათანადოდ უნდა ემუშავა“, – განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.

2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.