ოთარ კიტეიშვილი - იმედია, ივნისის მატჩების შემდეგ ჯგუფის ფავორიტები ვიქნებით #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - იმედია, ივნისის მატჩების შემდეგ ჯგუფის ფავორიტები ვიქნებით #1TVSPORT

ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ნაკრებს დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერის თამაში ახლაც კითხვებს ბადებს, მაგრამ ტრავმის შემდეგ კიტეიშვილი მომჯობინდა და „შტურმი“ ბოლო ტურის შეხვედრაში კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.

„მიხარია, რომ პაუზის შემდეგ კვლავ ნაკრებში ვარ და შემიძლია გუნდს დავეხმარო. რთულია ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება. მითუმეტეს, სეზონის ბოლოა, ჩემპიონატები ახლა დასრულდა და ბევრს გადატვირთული კალენდარი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდისთვის მომზადება რთულია. მაგრამ, გვაქვს დრო, გუნდმა ადრე დაიწყო შეკრება და ეს აუცილებლად დაგვეხმარება“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ერთა ლიგაზე გუნდის მიზანზე ილაპარაკა:

„მიზანი პირველი ადგილია. იმედი მაქვს, ამ ოთხ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რომ პირველობისთვის ვიბრძვით და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ფავორიტები ვიქნებით. გახსნითი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. გიბრალტარს ვეთამაშებით და აუცილებელია, რომ მეტოქე სათანადოდ შევაფასოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ“.

კიტეიშვილი გახარებულია, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე ითამაშებს, სადაც კარიერული ნახტომი გააკეთა:

„მიხარია, რომ „დინამო არენაზე“ ვითამაშებთ. მშობლიური სტადიონია ეროვნული ნაკრებისთვის, ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და ხალხის მხარდაჭერაც განსაკუთრებულია“.