ოთარ კახიძე - პრეზიდენტი ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს
ოთარ კახიძე - პრეზიდენტი ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს

ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იქმნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განაცხადა.

ოთარ კახიძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი სხვა სიბრტყეში გადაიტანოს. საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე, რომელიც გათავისუფლებიდან მალევე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„ევროპულ საქართველოს“ შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„უცნაურია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰგონია, რომ შეუძლიათ შეიწყალონ ნარკორეალიზატორები და მოძალადე მკვლელები და ამის გამო მათ არავინ გააკრიტიკებს. პრეზიდენტმა უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ჯერჯერობით საზოგადოებამ რითიც დაიმახსოვრა პოლიტიკოსი მარგველაშვილი, ეს არის აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება და მეორე, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ გამოყენება იმ ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრეროგატივის, როგორიც შეწყალებაა. „ევროპული საქართველო“ აუცილებლად მოახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ, არა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.

დატოვე კომენტარი