ოთარ კაკაბაძე - იმედია, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს მალე გამოვიყენებთ #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძე - იმედია, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს მალე გამოვიყენებთ #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის და ევროპის ერთ-ერთ უძველეს კლუბში, 115 წლის ექსტრაკლასას „კრაკოვიაში“ ჩაირიცხა და კომენტარი გააკეთა კლუბში გადასვლაზე, ეროვნულ ნაკრებსა და სამომავლო მიზნებზე.

„ძალიან ბევდნიერი ვარ, „კრაკოვიას“ ოჯახის წევრი რომ გავხდი. რატომ გადავწყვიტე კლუბთან კონტრაქტის გაფორმება? ამ კლუბიდან დიდი ინტერესი იყო, ვნახე კლუბის ინფრასტრუქტურა და სტადიონი. ვფიქრობ, „კრაკოვიას“ დიდი მიზნები აქვს და დიდი მიზნისთვის ბრძოლას შევძლებთ. ჩემი მიზანია, რომ სეზონი რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ, პირადად კი ყოველკვირეულად კარგად მოვემზადო, რათა ყველა მატჩი მოვიგოთ. კლუბი ბოლო სეზონში პოლონეთის თასის მფლობელი გახდა, წელს კი მიმაჩნია, რომ რაღაც დიდი მიზნისთვის ბრძოლას მოვახერხებთ“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.

ოთარ კაკაბაძეს უთამაშია ცხელ ესპანეთსა და ცივ დანიაში. ჟურნალისტის თქმით, კაკაბაძე ახალ პირობებს მარტივად ეგუება. კითხვას დაეხმარება თუ არა ეს „კრაკოვიასთან“ აკლიმატიზაციაში, ქართველმა მცველმა უპასუხა.

„დიახ, ბევრ ქვეყანაში მითამაშია. ფეხბურთში არასოდეს იცი, მომავალში რა გელოდება. ახლა კი ბედნიერი ვარ კრაკოვში, თქვენთან ერთად ყოფნით“.

კაკაბაძე ექვსი წელია, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს. პოლონეთში უთამაშიათ და თამაშობენ სხვა „ჯვაროსნები“ – ნიკა კვეკვესკირი, ნიკა კაჭარავა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა დვალი. თუ ესაუბრა მათ პოლონეთში გადასვლამდე, კაკაბაძემ ამაზეც ილაპარაკა.

„ეროვნული ნაკრები ყოველთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, პოლონეთის ლიგაზეც დიდი ხანია ბევრი რამ გამიგია. ბევრი ჩემი მეგობარი აქ თამაშობდა და ახლაც თამაშობს. ცხადია, გადაწყვეტილების მიღებამდე მათ ვესაუბრე, ამ ლიგის შესახებ ბევრი რამ რომ გამეგო. ვიცი, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდებია და აქ ფაქტობრივად, ფავორიტი არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი დონის ლიგაა“.

25 წლის მცველმა გაიხსენა, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი როგორ დაკარგა.

„პლეი ოფის მატჩის წაგებაზე მთელი საქართველო ტიროდა. ასეა ფეხბურთი – ერთი მატჩი იყო, რომელიც წავაგეთ. თუმცა, წინ ვიყურებით და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის კიდევ ბევრი შანსი გვექნება და იმედი მაქვს, რომ მას მალე გამოვიყენებთ“.