ოთარ დანელია - თუ მოვისმენთ არგუმენტებს, რომ მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი დისკრიმინაციულია, გათვალისწინება მოგვიწევს
ოთარ დანელია - თუ მოვისმენთ არგუმენტებს, რომ მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი დისკრიმინაციულია, გათვალისწინება მოგვიწევს

საქართველოს მოქალაქე ჩვენი ძირითადი ღირებულებაა და თავისთავად ცხადია, ისინი ყოველთვის განსაკუთრებულ მდგომარეობაში იქნებიან,- ამის შესახებ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ოპოზიციის შენიშვნების საპასუხოდ განაცხადა.

დანელიას თქმით, შენიშვნები და პრეტენზიები ძირითადად ეხება იმას, თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულ პირობებში.

„სამწუხაროდ, მე დავრწმუნდი, რომ ჩვენს ოპონენტ ბევრ კოლეგას აღნიშნული კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს და ძირითად პრინციპებსაც არ არიან გაცნობილნი. უზრუნველყოფის ნაწილში ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ექცევა, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამ ნაწილში უზრუნველყოფას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. გარკვეული ვადებია ბანკების გასხვისების ნაწილში, რომელზეც ჩვენ კონსულტაციებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან გავდივართ. მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მოქალაქე ანუ ქართველი, მემკვიდრეობით მიიღებს მიწას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან გავიდა და მოქალაქეობა შეიცვალა. მას მემკვიდრეობის უფლება რჩება და ამ ნაწილში პრობლემა არ არის“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ეხება მემკვიდრეობას, როდესაც საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ მიწა მისი მშობლისგან, ბებიისგან და ბაბუისგან მიიღო.

„ჩვენ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს. სწორედ ამ ადამიანებზეა საუბარი. რაც შეეხება უცხოელის მიერ დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულებას, ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალური განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გვექნება. თუ ჩვენ მოვისმენთ არგუმენტაციას, რომ ეს ნამდვილად შეიძლება დისკრიმინაციული იყოს, გათვალისწინება მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში  ვეცდებით, რომ ამ ვარიანტით ვიაროთ. შესაძლოა, სანქციები დაკორექტირდეს. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები დამუშავდეს და ამისთვის ყველა ის ღინისძიება გავატაროთ, რაც აუცილებელია“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.