ორი ოვერტაიმი კანადაში - „ტორონტომ“ სხვაობა შეამცირა

უაღრესად დაძაბული გამოვიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩი „ტორონტოსა“ და „მილუოკის“ შორის. „ბაქსის“ ზედიზედ ორი საშინაო გამარჯვების შემდეგ, „რეპტორზს“ საკუთარ მოედანზე წაგების უფლება პრაქტიკულად აღარ ჰქონდა.

„ეირ კანადა ცენტრში“ შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო დაპირისპირება იხილა. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო. საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს პრინციპული თამაშის მოგება – 118:112.

ამ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი კავაი ლეონარდმა შეიტანა. ტორონტოს ლიდერმა 36 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა და რაც მთავარია, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში აიღო თამაში საკუთარ თავზე. დამაჯერებელი გახლდათ პასკალ სიაკამიც. კამერუნელმა კალათბურთელმა 25 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

მილუოკის შემადგენლობაში ჯორჯ ჰილმა 24 ქულა მოიპოვა, იანის ანტეტუკონმპომ კი, 12 ქულასთან ერთად, 23-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. სერიას კვლავ „ბაქსი“ იგებს საერთო ანგარიშით 2:1. ამ წყვილის მომდევნო შეხვედრა 21 მაისს ისევ ტორონტოში გაიმართება.