ომარ თეთრაძე - თუ საქართველოს ნაკრები დაცვის ცენტრში თამაშს გააუმჯობესებს, ევრო 2024-ზე მოხვდება #1TVSPORT
ომარ თეთრაძე - თუ საქართველოს ნაკრები დაცვის ცენტრში თამაშს გააუმჯობესებს, ევრო 2024-ზე მოხვდება #1TVSPORT

თბილისის „დინამოსა“ და „რომას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, „საბურთალოს“ ყოფილმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ „ჩემპიონთან“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს კონტინენტის პირველობის საგზურის მოპოვება ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის გზით შეუძლია.

„საქართველო ახლა ეროვნულ ნაკრებზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს. გუნდს ამ ციკლში დასახული ამოცანის შესრულება შეუძლია, პლეიოფის გზით ევრო 2024-ზე გასვლა. ნაკრებს ჰყავს ნამდვილი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, დაცვის ცენტრია. თუ მწვრთნელი ამ რგოლში ვითარებას გამოასწორებს, ვფიქრობ, კონტინენტის პირველობაზე გავლენ“, – განაცხადა ომარ თეთრაძემ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალს 21 მარტს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს. ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენი გუნდი საბერძნეთს ან ყაზახეთს ასევე საკუთარ კედლებში მიიღებს.