ომარ თეთრაძე საქართველოში დაბრუნდა და „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ომარ თეთრაძე საქართველოში დაბრუნდა და „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ომარ თეთრაძე თბილისის „საბურთალოს“ გაწვრთნის – 53 წლის სპეციალისტთან შეთანხმების შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„კლუბსა და ომარ თეთრაძეს შორის მოლაპარაკება დასრულდა. „საბურთალო“ იანვრის დასაწყისში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოემზადება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ომარ თეთრაძე საქართველოშია დაბადებული და საფეხბურთო კარიერაც აქ დაიწყო – მან გარკვეული პერიოდი საქართველოს ჩემპიონატშიც ითამაშა.

თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. უთამაშია იტალიურ „რომაში“, ბერძნულ პაოკ-სა და მოსკოვის „დინამოში“. იგი 1994 წლის მსოფლიოსა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების მონაწილეა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, მას სხვადასხვა დროს „ანჟიში“, „ხიმკიში“ და „ნიჟნი ნოვგოროდში“ უმუშავია, სადაც ყოველთვის იწვევდა ქართველ ფეხბურთელებს.

რაც შეეხება თემურ შალამბერიძეს, რომელიც ბოლოს წვრთნიდა დედაქალაქურ „საბურთალოს“, გავრცელებული ინფორმაციით, ის გუნდში რჩება და მუშაობას სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე განაგრძობს.

„საბურთალოში” კიდევ ბევრი სიახლეები იგეგმება, რომელთა შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას იანვარში გაავრცელებს.