ომარ თეთრაძე - მოსკოველებთან მოგების შემდეგ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებით ბევრი კლუბი დაინტერესდება
ომარ თეთრაძე - მოსკოველებთან მოგების შემდეგ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებით ბევრი კლუბი დაინტერესდება

თბილისის „დინამოს“ აღზრდილმა, მოსკოვის „დინამოს“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ გამარჯვებაზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა და განაცხადა, რომ ქართულმა გუნდმა თანამედროვე ფეხბურთი აჩვენა.

„თბილისის„ლოკომოტივმა“ ძალიან კარგად ითამაშა და ყველა გაგვახარა. გუნდმა მატჩი დამსახურებულად მოიგო – თანამედროვე ფეხბურთი აჩვენა, კარგი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა, სისწრაფეეებზე თამაშობდა და მწვავე კონტრშეტევებით მოსკოველებს შანსი არ დაუტოვა. გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოველებთან ძალიან სწორი ტაქტიკა აირჩია, ფეხბურთელებმა კი ინდივიდუალურად აჩვენეს, რომ საკმაოდ მაღალი კლასის არიან და უფრო ძლიერ გუნდში თამაშს იმსახურებენ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ომარ თეთრაძე. მისი თქმით, ამ მოგების შემდეგ ქართველი მოთამაშეებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდება: „კარგი შთაბეჭდილება დატოვეს მეკარე მამარდაშვილმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა სამურკასოვმა. მარჯვენა ფლანგზე ძალიან მომეწონა უნიკალურ სისწრაფის მქონე კირკიტაძე და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე.

2-3 დინამოელის ხელფასი„ლოკომოტივის“ წლიურ ბიუჯეტს აღემატება. ვერ მივხდი, ეს ხალხი უფრო ძვირად რატომ ფასობს, ვიდრე იგივე კირკიტაძე, სამურკასოვი და სიხარულიძე. ჩემი აზრით, ასეთი თამაშის შემდეგ მათ მიმართ ბევრი კლუბი დაინტერესდება. „ლოკომოტივმა“ რუსეთში ინტერესი უდავოდ გამოიწვია. ყველამ ნახა, რომ მოედნის ცენტრში სამურკასოვი 20 მილიონად ნაყიდ ფილიპზე უკეთესი იყო, ხოლო კირკიტაძეს 7 მილიონად შეძენილ ნჟის ვერც შევადარებ“.