ოლიმპიადის კიდევ ორი ლიცენზია კრივში - ხარაბაძე და მადიევი ტოკიოს რინგზე გამოვლენ #1TVSPORT
ოლიმპიადის კიდევ ორი ლიცენზია კრივში - ხარაბაძე და მადიევი ტოკიოს რინგზე გამოვლენ #1TVSPORT

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებმა – გიორგი ხარაბაძემ და ესკერხან მადიევმა 2021 წლის ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს.

პარიზში მიმდინარე მოკრივეთა ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება. 52 კილოგრამ წონით კატეგიორიაში შარშან სახილ ალახვერდოვმა ბრიტანული ტურნირის მეორე წრეში დუშან ინჯიჩს (სერბეთი) სძლია და მეოთხედფინალში გასვლით ოლიმპიადის საგზური გაინაღდა. პარიზში კი ორმა ჩვენებურმა მიაღწია წარმატებას – 69 კილოგრამში თბილისელმა ესკერხან მადიევმა და 75 კილოგრამში ქუთაისელმა გიორგი ხარაბაძემ.

ლონდონის შეწყვეტილ ტურნირში მადიევმა და ხარაბაძემ თითო ორთაბრძოლა მოიგეს, შესაბამისად, პაულ ანდრეას ვოლსა (გერმანია, 4:0) და სანდრო პოლეტანთან (სერბეთი, 3:2). პარიზის განახლებულ შეჯიბრებაში ესკერხანმა ადემ ფეტანოვიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აჯობა, მერე კი მსოფლიოს 2019 წლის ვერცხლის პრიზიორთან, ასპარეზობის რეიტინგფავორიტ პეტ მაკკორმაკთან (დიდი ბრიტანეთი) დამარცხდა.

გიორგიმ ფინელ მუჰამად აბდილრასუნს სძლია, მეოთხედფინალში არმან დარჩინიანთან (სომხეთი) 2:3 წააგო. ამ ორი წონის მეოთხედფინალში დამარცხებულებს 7 ივნისს ტოკიოს ოლიმპიადის საგზურების შანსი მიეცათ და ჩვენებმა ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს: მადიევმა უკრაინელი ევჰენი ბარაბანოვი, ხარაბაძემ კი შვედი ადამ ჩარტოლი ჩამოიშორა იაპონიისკენ მიმავალ გზაზე. ამდენად, ტოკიოში სამი ჩვენი მოკრივე იასპარეზებს.