ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მოკრივე ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს | ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა გურულთან #1TVSPORT
ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მოკრივე ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს | ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა გურულთან #1TVSPORT

გასულ კვირას თბილისში, კრივში საქართველოს ჩემპიონატი შედგა. საუკეთესო სპორტსმენები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტურნირი მორიგი ტრიუმფით დაასრულა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მოკრივემ და ეროვნული გუნდის კაპიტანმა ლაშა გურულმა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურულმა ჯამში სულ 4 ორთაბრძოლა მოიგო. ფინალურ დაპირისპირებაში 24 წლის სპორტსმენმა მარნეულის წარმომადგენელი უჩა ჟორჟოლიანი დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეექვსედ მოიპოვა.

ლაშა გურული დიდი ხნის განმავლობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ლონდონში გასამართი სალიცენზიო ტურნირი აღარ შედგება. აქედან გამომდინარე, ნიჭიერი ქართველი მოკრივე იაპონიაში გამგზავრებას სამწუხაროდ ვერ მოახერხებს.

ჩვენ ლაშას დავუკავშირდით და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– მორიგი წარმატებული ტურნირი ჩაატარე და კიდევ ერთხელ გახდი საქართველოს ჩემპიონი. შეჯიბრის შესახებ რომ გვითხრა და იმ 4 ბრძოლაზე, რომლის ჩატარებაც მოგიწია. ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა გამარჯვების მოპოვება?

– მიმდინარე წელს მე უკვე ჩავატარე შვიდი ბრძოლა. აქედან ექვს დაპირისპირებაში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვე. მიმაჩნია, რომ შვიდივე ბრძოლა მოვიგე, თუმცა უნგრეთის ტურნირის ფინალში მსაჯებმა საოცრად არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და უსამართლოდ ჩამითვალეს წაგება. აქვე ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ამ წლის დასაწყისია. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს პირველობას, ჯამში სულ 4 ბრძოლა გავმართე და ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ყველა დაპირისპირება დამაჯერებლად მოვიგე. ამის გაკეთება იოლი ნამდვილად არ იყო, რადგან ტურნირზე ეროვნული ნაკრების წევრები იღებდნენ მონაწილეობას და შესაბამისად, კონკურენციაც მაღალი იყო. ფინალური ბრძოლები ძალიან სანახაობრივი გამოდგა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნაკრების მწვრთნელებმა – ბატონმა ბეჟან ჭიჭინავამ, ილია ტლაშაძემ და თემურ ოჩიგავამ ნაყოფიერი სამუშაო გასწიეს და ზოგადად, ძალიან კარგად მუშაობენ. ჩემი აზრით, საქართველოში შესაძლებელია კრივის მაღალი დონის ღონისძიებების გამართვა.

– როგორც ცნობილი გახდა, ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გაუქმდა. ეს შენთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტია. როგორც ვიცით, დიდი გეგმები გქონდა ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ახლა როგორ შეგეცვალა გეგმები? რომელ ტურნირზე აპირებ გამოსვლას?

– დიახ, სამწუხაროდ ვერ შევძლებ იქ გამოსვლას, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი. პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გაუქმდა და შედეგად, წელს ვერ მომეცემა შანსი, რომ ოლიმპიადის მედლისთვის ვიბრძოლო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო, თუმცა გეგმები შეგვეცვალა და შემიძლია გითხრათ, რომ დავგეგმე ოქტომბერში (26 ოქტომბერი-7 ნოემბერი) მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა. ეს იქნება ის ძირითადი ტურნირი წელს, რომლისთვისაც უკვე ვემზადები. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ღირსებას ოლიმპიურ თამაშებზე სალიხ ალახვერდოვი დაიცავს, რომელსაც ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

– რამდენად დიდი კონკურენციაა მსოფლიო ჩემპიონატზე და რა იქნება შენი მიზანი ამ ტურნირზე?

– მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დიდი და სერიოზული კონკურენციაა. ყველა მოკრივე, რომელიც ტურნირზე იასპარეზებს, თავისი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონია. ჩემს წონით კატეგორიაში 65 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ჩემი მიზანია, მინიმუმ ბრინჯაოს მედალი დავგეგმო და გავინაღდო, რის შემდეგაც ნახევარფინალში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოქროს მედალი მოვუპოვო ჩემს ქვეყანას. მსოფლიო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

დატოვე კომენტარი