ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

„ოდესაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს. საერთო ჯამში, რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველაზე პატარა მსხვერპლი მხოლოდ ოთხი თვის იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დახმარებას უწევდა ხალხს“, – განაცხადა კლიმენკომ.

კლიმენკომ აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქში, კურახოვოში რუსული თავდასხმის შედეგად 16 დაჭრილს შორის ორი ბავშვია.

დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. დაზიანდა, სულ მცირე, 15 მაღალსართულიანი შენობა.