საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი კაკილაშვილი - დარწმუნებული ვიყავი, რომ 13 მაისს მოვიგებდით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნუკრი კაკილაშვილი - დარწმუნებული ვიყავი, რომ 13 მაისს მოვიგებდით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა 1981 წლის 13 მაისის ფინალი და ამ ისტორიული გამარჯვებისთვის მიღებული პრემია გაიხსენეს. 

ვლადიმერ გუცაევი: „გამარჯვების რწმენა „ვესტ ჰემთან“ მოგების შემდეგ გაგვიჩნდა, განსაკუთრებით კი თბილისში „ფეიენოორდს“ რომ მოვუგეთ. დათო (მუჯირს მიმართავს) – „ვესტ ჰემთან“ ხომ შენ უნდა გეთამაშა, მაგრამ როგორც მახსოვს, გასახდელში ცუდად გახდი“.

დავით მუჯირი: „დილის მოთელვაზე ცუდად გავხდი და ზაქრო თელიამ თქვა, არაო“.

გია თავაძე: „ლანჩხუთელები მე და გია იმნაძე ვიყავით და ახალკაცი გვეკითხება, რას შვებით გურულებო, ადესა დალიეთო. ადესა კი არა „კოკა-კოლა“ დავლიეთ პირველად-მეთქი. სათამაშოდ მზად ხართო? აბა, რისთვის ვარ წამოსული-მეთქი, მაგრამ მეგონა მეხუმრებოდა. ფინალის მერე ჩვენ პრემია რამდენი ავიღეთ?“

ოთარ გაბელია: „600 დოლარი“.

გია თავაძე: „ისინი 10 000-ს იღებდნენ“.

ოთარ გაბელია: „ისინიც გე-დე-ერი (კომუნისტური გერმანია) იყვნენ და 10 ათას არ მისცემდნენ“.

ნუკრი კაკილაშვილი: „მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. ავხსნი რატომ – გერმანელები სპორტში განსხვავებულები არიან თავისი ფიზიკური მონაცემებით, ძალისმიერი ფეხბურთით და სათამაშო დისციპლინით, მაგრამ ჩვენს გუნდში თითქმის ყველა ვარსკვლავი იყო, თითქმის ყველას შეეძლო თამაში საკუთარ თავზე აეღო და შეხვედრის ბედი გადაეწყვიტა. დიუსელდორფში ორივე გოლი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდა. დარასელიას გოლი ავიღოთ, რომელსაც მე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო გოლებში შევიყვანდი. ამ მოგებით შოკში ვიყავი, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, მომხდარი ბოლომდე გათვითცნობიერებული არ მქონდა. თბილისში ჩამოსვლისას მივხდი, რამხელა საქმე გავაკეთეთ და ჩვენი ქვეყნისთვის, პატარა საქართველოსთვის რამხელა წარმატებას მივაღწიეთ. ჯერ მოსკოვში ძალიან ბევრი ქართველი დაგვხდა, თბილისში კი აეროპორტიდან ბაზამდე ზღვა ხალხი იყო გამოსული და მაშინ აღვიქვით, რამხელა საქმე გაკეთებულა“.

ვახტანგ ქორიძე: „მე ფინალის დროს გერმანიაში არ ვიყავი და „დინამოს“ სტადიონზე წავედი. იქ რაც ვნახე, ასეთი რამ არ მინახავს – ხალხი მოედანს კოცნიდა“.

ოთარ გაბელია: „ძალიან დიდი გუნდი იყო და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენმა ხალხმა ასეთი დიდ სიხარული კიდევ ნახოს – თბილისის „დინამოდან“ ან საქართველოს ნაკრებიდან. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მაგრამ რომ მოხდება, ეჭვი არ მეპარება, რადგან საქართველოს საფეხბურთო ქვეყანაა“.

ვლადიმერ გუცაევი: „ძალიან იქითაც ნუ გადაწევ, ეს წარმატება ჩვენც ხომ უნდა ვნახოთ“.