ნუგზარ წიკლაური - ნიკა მელიას ციხიდან გამოუშვებენ თუ არა, ეს პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან ნახევარ საქართველოს არ სჯერა, რომ პარლამენტი სამართლიანადაა არჩეული
ნუგზარ წიკლაური - ნიკა მელიას ციხიდან გამოუშვებენ თუ არა, ეს პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან ნახევარ საქართველოს არ სჯერა, რომ პარლამენტი სამართლიანადაა არჩეული

ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების გზები როგორი იქნება, ამაზე შესაძლებელია მოლაპარაკება, აქ მთავარია პოლიტიკური ნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ნიკა მელიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა სასამართლომ, არამედ პოლიტიკური პარტიის საბჭომ. მათ არ უფიქრიათ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა სწორი სამართლებრივი გზები. ამიტომ, ვფიქრობ, შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტაც პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, თუკი ასეთი შეთანხმება შედგება და თუ ევროპული მედიაციის მისიას მმართველი პარტია ყოველგვარი შედეგის გარეშე კიდევ ერთხელ არ გაისტუმრებს, რაც ევროპული მედიაციის მისიის ავტორიტეტს მართლაც აუნაზღაურებელ დარტყმას მიაყენებს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

წიკლაურის თქმით, ნიკა მელია რომ პარლამენტში შესულიყო, მის წინააღმდეგ არავითარი სისხლის სამართლის საქმე აღარ გაგრძელდებოდა.

„სრულიად ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე. არავინ არანაირ კანონს არ არღვევდა და ნიკა მელია ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიული წესით არის არჩეული. ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქვეყნიდან განდევნილი, არა იმიტომ, რომ რამე დანაშაული დაუმტკიცეს, არამედ იმიტომ, რომ ის საქმე რაღაც პიჯაკებამდე და სხვადასხვა ლიდერის დაკრძალვაზე მიტანილ გვირგვინებამდე ჩამოლაბორანტდა“, – განაცხადა წიკლაურმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს და პარლამენტში შევიდეს, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოუშვებენ თუ არა, ეს პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან ნახევარ საქართველოს არ სჯერა, რომ დღევანდელი პარლამენტი სამართლიანად არის არჩეული.

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, დავასრულოთ ტყვეთა ვაჭრობა და მივხედოთ მთავარ პოლიტიკურ საკითხს. რა თქმა უნდა, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი და რა თქმა უნდა, გიორგი რურუა უნდა იყოს თავისუფალი. მეტსაც გეტყვით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში ლეგალურად ჩართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა წიკლაურმა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ზოგს ჰგონია, რომ პრობლემა პარლამენტში შესვლაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რომც შევიდეს, ჭირი თავს მაინც არ დამალავს და სხვადასხვა მიმართულებიდან გამოჩნდება.

„ჩვენ შეიძლება, ორიოდე თვით გადავავადოთ ის, რაც უკვე კარზეა მომდგარი. ამიტომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა ვისაც აქვს, ახლა უნდა მიიღოს შესაძლოა მძიმე, მაგრამ სამართლიანი, პრინციპული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება“, – განაცხადა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, რაკი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება, როგორც ჩანს, მას ხელთ აქვს ისეთი რაღაც, რაზეც შეიძლება, მხარეებმა კომპრომისი ნახონ.

„ამასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს იმას, რა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და აღარ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც უბრალოდ შეუძლია, ქვეყანაში ააფეთქოს როგორ პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ვითარება. ჩვენი მხრივ, ჩვენ, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, ყველაფერს ვიღონებთ, რომ იმ ექვსპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, სადაც იგულისხმება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზების დაფიქსირება მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეკითხვაზე, თუ ოპოზიცია ამ ორ მთავარ საკითხზე არანაირ დათმობას არ განიხილავს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ულტიმატუმის სახეს იღებს, წიკლაურმა აღნიშნა, რომ ეს არის არა ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხები, არამედ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი გეგმა.