ნოვრუზის დღესასწაულზე ირანიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობა 2.7-ჯერ შემცირდა
ნოვრუზის დღესასწაულზე (მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი) ირანიდან საქართველოში ირანიდან 80 დამატებითი ავიარეისი შესრულდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.7-ჯერ ნაკლებია. მონაცემები პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიაწოდა.
სააგენტოც ცნობით, ნოვრუზის დღესასწაულის პერიოდში 2018 წელს საქართველოში 218 დამატებითი რეისი შესრულდა, 2017 წელს – 129 რეისი.
მიმდინარე წელს ნებართვები შემდეგ ავიაკომპანიებზე გაიცა: „თაბან ეარლაინსი“ – 34 ჩარტერული რეისი; „ქეშმ ეარლაინსი“ – 21 ჩარტერული რეისი; „ზაგროს ეარლაინსი“ – 21 ჩარტერული რეისი; „ირან ასემან ეარლაინსი“ – ოთხი ჩარტერული რეისი.
„რეისების უმეტესობა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ხორციელდება. სხვა დანიშნულების პუნქტებია: შირაზი და ისპაჰანი“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 45 პროცენტითაა შემცირებული.