ნოდარ ახალკაცის სიტყვა სფფ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე - დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა [ვიდეო] #1TVSPORT
ნოდარ ახალკაცის სიტყვა სფფ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე - დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა [ვიდეო] #1TVSPORT

32 წლის წინ, 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის პირველი სწორედ საქართველო იყო, რომელმაც სსრკ-ის საფეხბურთო კავშირი ოფიციალურად დატოვა და დამოუკიდებელი გზა აირჩია.

დამფუძნებელ ყრილობაზე ვითარება დაძაბული იყო, რომელიც ნოდარ ახალკაცის გამოსვლამ გარდატეხა. დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე დელეგატები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კიდევ ერთი წლით დარჩენას ითხოვდნენ, მაგრამ „დინამოს“ ლეგენდარული მწვრთნელის არგუმენტებმა ყველა დაარწმუნა, რომ დამოუკიდებლობა აუცილებელი იყო.

„საბჭოთა კავშირში ისეთი პოლიტიკური მდგომარეობაა (ექვს ქალაქში ტანკები დგას), შეიძლება საკავშირო ჩემპიონატი ვერც დაამთავრონ. მგონია, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ აქ, საქართველოში… ასეთნაირად დავამთავრებ: როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ; ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარსმომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება“, – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა.

დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაარსებას ხმა 399 დელეგატმა მისცა, ხოლო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დროებით დარჩენას მხარი მხოლოდ 15 მიემხრო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად აღიარებული ნოდარ ახალკაცი აირჩიეს და ის პოსტზე გარდაცვალებამდე, 1998 წლის იანვრამდე მოღვაწეობდა.

ყრილობის შემდეგ ქართულმა კლუბებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადეს და სფფ-ის დიდი ძალისხმევით, 30 მარტს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. მაგრამ საერთაშორისო აღიარებამ დაიგვიანა. ფიფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროებით წევრად მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს მიიღო, ხოლო იმავე წლის 3 ივლისს, ციურიხში გამართულ მორიგ კონგრესზე, ფიფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულუფლებიან წევრად აღიარა. უეფა-მ კი დროებით წევრად 1992 წლის მაისში მიგვიღო, 1993 წლის 17 ივნისს კი – მუდმივ წევრად.

საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკის ნაკრებები საერთაშორისო მატჩებს 1992 წლიდან ატარებენ, ხოლო ქართული კლუბები უეფა-ს საკლუბო გათამაშებებში 1993-94 წლების სეზონიდან მონაწილეობენ.