NL Times - ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდება
NL Times - ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მალე გახდება. როგორც გამოცემა NL Times წერს, ამის შესახებ რუტემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამ იდეას არ იწონებს და ასევე, ეს უსამართლო იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც წევრობის კანდიდატის სტატუსს გაცილებით დიდხანს ელოდებოდნენ.

მარკ რუტეს განცხადებით, არის შესაძლებლობა, რომ უკრაინა გახდება წევრობის პოტენციური კანდიდატი და მას ეტყვიან, თუ რა ნაბიჯები იქნება საჭირო ამ სტატუსის მოსაპოვებლად, როგორც ეს ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში მოხდა. ნიდერლანდების პრემიერის აზრით, ეს დაეხმარება, რომ უკრაინის მთავრობა დემოტივირებული არ იყოს.

რუტეს თქმით, რუსეთის ინტერვენციამდე უკრაინა იყო ძალიან შორს წევრობის კანდიდატის სტატუსისგან. მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ აღნიშნულ სტატუსს მოლდოვა მალე მოიპოვებს. ამასთან, ნიდერლანდების პრემიერის თქმით, ეს ამ ქვეყნების ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყანას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი პირობებს აკმაყოფილებენ.
რაც შეეხება ევროპელი ლიდერების განცხადებას, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი, რუტეს განმარტებით, ეს არის უფრო „ემოციური“, ვიდრე „სამართლებრივი“ განცხადება.

ნიდერლანდების პარლამენტში რამდენიმე პარტია, მათ შორის მმართველ კოალიაციაში შემავალი პარტია და ორი ოპოზიციური პარტია ითხოვს, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიანიჭონ.

დატოვე კომენტარი