ნინო ოკრიბელაშვილი - პანიკურ შეტევას და შფოთვას ახასიათებს ის ფიზიკური სიმპტომები, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას აქვს

პანიკურ შეტევას და შფოთვას ახასიათებს ის ფიზიკური სიმპტომები, რომელიც სწორედ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას აქვს, – ამის შესახებ ფსიქიატრმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

„როდესაც პანდემია იწყება და მოსახლეობას კატასტროფული გაცდები აქვს, პირველ რიგში, მატულობს არა დეპრესიის, არამედ შფოთვითი აშლილობის რიცხვი. სიტყვა პანიკა არის სწორედ ის, რაც არის ეპიზოდური პაროქსიზმული შფოთვა, რომელიც ამ დროს მაქსიმალურ რეგისტრშია. სწორედ პანიკურ შეტევას და შფოთვას ახასიათებს ის ფიზიკური სიმპტომები, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას აქვს და ხდება კლინიკური სურათის იმიტაცია. თუ ადამიანს შფოთვა ჰქონდა, „კოვიდ-19“ იქნებოდა თუ არა, მას ადრეც ექნებოდა შემდეგი სიმპტომები – სუნთქვის გართულება, ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, გულისცემა და ტემპერატურის მომატებაც კი. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შფოთვის მაღალი რეგისტრია“, – განაცხადა ოკრიბელაშვილმა.

მისი თქმით, როგორც კი ამ დაავადებამ ჩვენთან სიკვდილის ენაზე დაიწყო ლაპარაკი, დაუცველობის განცდა საყოველთაო გახდა.

„უკვე ერთიანი გავხდით იმ სივრცეში, რასაც საზოგადოება ხვდება და ჩვენ ვეძებთ დამნაშავეს. ამიტომ არის, რომ მაგალითად, ეს გმირი ექიმები ფაქტობრივად, ხატად არიან ქცეული და მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ წარსულში ცუდი გამოცდილება; ამავე დროს, მათ არ აქვთ უფლება, ჩვეულებრივი, ადამიანური შეცდომა დაუშვან, ან მეტყველებაში, ან თავიანთი დრო საკუთარ ოჯახს დაუთმონ. დღეს ყველა მხარე ასეთ დაძაბულ, რთულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ოკრიბელაშვილმა.

როგორც ფსიქიატრმა აღნიშნა, საზოგადოებას შიში გვაერთიანებს, მაგრამ ამავე დროს, ამ შიშს გენერირებასაც ვუკეთებთ და არ ვუსმენთ ადამიანებს, რომლებსაც გაცილებით მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.

„ჩვენ მათ ნათქვამშიც ეჭვი შეგვაქვს და ვეძებთ რაღაც თეორიებს; მათ შორის, შეთქმულების თეორიებსაც. ესეც ადამიანური ბუნებაა და ესეც სტრესული სიტუაციიდან არის გამოწვეული“, – განაცხადა ოკრიბელაშვილმა.

ნინო ოკრიბელაშვილმა საზოგადოებას რეკომენდაციები მისცა.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს კარანტინში, იზოლაციაში, თვითიზოლაციაში იმყოფება, საჭიროებს სწორი ინფორმაციის მიწოდებას და თუ მათ საშუალება არ აქვთ, მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმონ, უნდა დაუკავშირდნენ სპეციალისტს, რომელთა მოძიება იგივე სოციალური ქსელების საშუალებით არის შესაძლებელი. ამ ადამიანთა მიმართ მეორე თხოვნა ის არის, რომ გაითვალისწინონ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მათ სარეგულაციო ზომების თვალსაზრისით სახელმწიფომ დაუწესა. იმიტომ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მაინც ჩვენი ხანდაზმულები დგანან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც, თქვენი სატელეფონო ზარი, თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღება, მაგრამ არა ფიზიკურად მათ გვერდით დგომა“, – განაცხადა ოკრიბელაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვენლოვანია, ვიცოდეთ, რომ ამ გადატვირთულ სისტემაში ყველა ქსელზე მეტად გადატვირთული არის აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები და მოქალაქეებმა ამ ინფრასტრუქტურაში არამიზნობრივად სიარულისგან თავი უნდა შეიკავონ.

დატოვე კომენტარი