ნინო ბურჯანაძე - სპეცრაზმი თუ მოვა და შტურმით აიღებენ „ნაცმოძრაობის“ შენობას, აიღონ, ეს მათი დიდი სირცხვილი იქნება
ნინო ბურჯანაძე - სპეცრაზმი თუ მოვა და შტურმით აიღებენ „ნაცმოძრაობის“ შენობას, აიღონ, ეს მათი დიდი სირცხვილი იქნება

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ჩემი სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილის სახანო, სადაც ბიძინა ივანიშვილის კანონია კანონი, ბიძინა ივანიშვილის მონებისთვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის სხვა კანონები და სხვა წესები მოქმედებს, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოფისში ნიკა მელიასთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.

„მოვედი ნიკა მელიასთვის სრული სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მეც, ჩემი თანაგუნდელებიც დღეს ვხედავთ, რომ ნიკა მელია უნდა დავიცვათ ყველამ, რადგან მისი დასჯა, მისი დაპატიმრება და მისი არდაცვა იქნება იმის გარანტი, რომ ხვალ ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებს, როგორც სახელმწიფო და იფუნქციონირებს, როგორც ბიძინა ივანიშვილის საფეოდალო. როცა ფარცხალაძეს, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს ვიდეოზე გადაღებული ცემის ფაქტზე არ აკავებენ და არც ჯარიმას არ ახდევინებენ, ამ დროს, ნიკა მელიამ თურმე უნდა გადაიხადოს მეორედ ჯარიმა გავრილოვის ღამესთან დაკავშირებულ ინციდენტზე. ეს არის საქართველოს დაცინვა, ეს არის დაცინვა იმ 30-წლიანი ბრძოლის, რომელიც ჩვენმა ხალხმა გაატარა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ეს არის დაცინვა ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის და ახლა მინდა, მივმართო თანამოქალაქეებს, ახლა ვინც დაიწყებს იმის ლაპარაკს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, სხვა ოფისი, ამ პარტიის თავმჯდომარე, იმ პარტიის თავმჯდომარე, ამას დავიცავ, იმას არ დავიცავ, ეს ადამიანები თავისდაუნებურად ხელს მოაწერენ უსამართლობას, რადგან უსამართლობა და უსინდისობა ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ყველა უნდა დაიცვა.

მე ამ შემთხვევაში ნიკა მელიასთან მაქვს ნამდვილად ძალიან პირადი მეგობრული ურთიერთობაც, ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა, რადგან არის წესიერი, პრინციპული ადამიანი და თუ ვინმეს რაღაცა ჭმუნვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ნიკა მელიას ეს ნამდვილად არ ეხება. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, უკანონოდ და უსამართლოდ ვინც უნდა დასაჯონ, თუნდაც ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი იყოს, ისიც უნდა დაიცვა, რადგან, მართალი თუ ხარ და იცავ სამართალს, ყველას მიმართ უნდა იყო მართალი, თუ არადა, სხვა რამეს შერჩევითი სამართალი ჰქვია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, როგორ დაიცავენ ნიკა მელიას, ბურჯანაძემ თქვა: „როგორც საჭირო იქნება, ჩემი თანაგუნდელებიც არიან აქ და მოვლენ კიდევ დამატებით ადამიანები, თუ საჭირო იქნება. ეს არ არის ივანიშვილის ბოსტანი და ჩვენ არა ვართ ბოსტნეული, რომ ვინც უნდა, პარლამენტში გადარგოს, ვინც უნდა სამინისტროში გადმორგოს, ციხეში გადარგოს და ასე საკუთარი ეზოსავით მოეპყროს ჩვენს სამშობლოს. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ბოლო ინსტანციას მაინც გამოიყენებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არ მიიღოს უგუნური გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით. წინა პარლამენტზე ვამბობდი, რომ ეს არის სამარცხვინო პარლამენტი-მეთქი, ამან ნამდვილად აჯობა და გადაასწრო წინა პარლამენტს. სირცხვილია ამ ადამიანების, ვინც ახლა ხელი დააჭირა და შეუწყვიტა ვადა. რაც შეეხება, ახლა აქ თუ სპეცრაზმი მოვა და შტურმით აიღებენ შენობას, ნუ, აიღონ, ესეც მათი დიდი სირცხვილი იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.