ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს ხელს თუ არ მოაწერენ, ნათელი გახდება, რომ მხარს უჭერენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას და რუსული ინტერესების გატარებას
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს ხელს თუ არ მოაწერენ, ნათელი გახდება, რომ მხარს უჭერენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას და რუსული ინტერესების გატარებას

ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი იმიტომ მოვაწერეთ, რომ საზოგადოებას არ დარჩენოდა კითხვები, ვინ აწერდა ხელს და ვინ არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, დამატებითი კონსულტაციების ვადის ამოწურვის შემდეგ ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის საჯაროდ და ღიად გვეთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დანიელსონის კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც ევროკავშირის მედიაციით და შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა. საზოგადოებას რომ ნათელი წარმოდგენა შევუქმნათ, ვიტყვი, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ევროკავშირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი და წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამ განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას უპასუხა, იმოქმედა თუ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ „ქართულ ოცნებაზე“, რომ მმართველ გუნდს ორი კვირის შემდეგ პოზიცია შეეცვალა, გადაწყვეტილება მიეღო და კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელი მოეწერა. 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რომელი პარტიებისგან ელოდება მმართველი გუნდი დოკუმენტზე ხელმოწერას, სამხარაძემ განაცხადა, რომ მართალია, ოპოზიციაში დესტრუქციული ძალები ჭარბობენ, მაგრამ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ბედით უფრო მეტად არიან დაინტერესებული, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესებით და აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი იტოვებს იმედს, რომ ისინი ამ ნაბიჯის გადადგმას შეძლებენ.

„ამ დოკუმენტზე ხელმოწერა თვითონ ოპოზიციას პრინციპში, არაფერს ავალდებულებს. ერთადერთი, იმას ავალდებულებს, რომ აიღონ მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და პარლამენტში შემოვიდნენ. თუ მათ ამის გაკეთებაც არ სურთ, მაშინ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის და ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი იქნება, თუ რა ზრახვები აქვთ და ვის თამაშს თამაშობენ. უკვე მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს ხელოვნური პოლიტიკური დაძაბულობა აწყობს, რუსეთის ფედერაციაა. თუ ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მაშინ ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი ამ შემთხვევაში, მხარს უჭერენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობას და რუსული ინტერესების გატარებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.