ნიკოლოზ სამხარაძე - დღეს გამოდიან და იძახიან, „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგები რა შუაშიაო, მაგრამ ოპოზიცია ე.წ. გაყალბების ნარატივის ასაგებად სწორედ ამ შედეგებს იყენებდა
ნიკოლოზ სამხარაძე - დღეს გამოდიან და იძახიან, „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგები რა შუაშიაო, მაგრამ ოპოზიცია ე.წ. გაყალბების ნარატივის ასაგებად სწორედ ამ შედეგებს იყენებდა

დღეს გამოდიან და იძახიან, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები რა შუაშიაო, მაგრამ ოპოზიცია ე.წ. გაყალბების ნარატივის ასაგებად სწორედ ამ შედეგებს იყენებდა, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„შეგვიძლია, ჩანაწერები ამოვიღოთ, პირველი ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე და ვნახოთ, რამდენი განცხადება გააკეთა ოპოზიციის თითოეულმა წარმომადგენელმა ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, ეს იქნება ასეულობით განცხადება“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ბოიკოტის კამპანია ტყუილებზე ააგო და საბოლოო ჯამში, ჩიხში შევიდა.

„ერთი მხრივ, გვაქვს არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა და, რომელშიც ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა, მეორე მხრივ კი, გვყავს ოპოზიცია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა“, – განაცხადა სამხარაძემ. 

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა მმართველი გუნდისთვის მძიმე და დამაფიქრებელი აშშ-ის ელჩის ბოლოდროინდელი განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ დარღვევები იყო, გასაჩივრების დროს ხარვეზები გამოვლინდა და მოსახლეობამ ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა დაკარგა, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ დარღვევები „ქართული ოცნების“ მხრიდანაც იყო და ოპოზიციის მხრიდანაც, მაგრამ ეს არ იყო ისეთი დარღვევები, რომელსაც შეეძლო, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა მოეხდინა.

„ეს არის დასკვნა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ დადო, თორემ დარღვევები რომ იყო, ამაზე არ ვდაობთ და პირიქით, ოპოზიციას ვთავაზობთ, მომავალში ეს დარღვევები რომ არ განმეორდეს, რაღაცები შევცვალოთ, პარლამენტში შემოვიდნენ, დავსხდეთ და საარჩევნო სისტემა შევცვალოთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ გადაწყდა, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებისა და პარტიების დაფინანსების შეჩერების შესახებ კანონპროექტების მეორე მოსმენა მას შემდეგ დაიწყოს, რაც ვენეციის კომისია და ოდირი ამასთან დაკავშირებით დასკვნას დადებენ; ასევე უკავშირდება თუ არა ეს საერთაშორისო საზოგადოების გზავნილებს, სადაც კანონპროექტები ნეგატიურად არის შეფასებული, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სურვილია, ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ არავის დასჯის სურვილი არ აქვს და უნდა, ქვეყნის კანონმდებლობა მოაწესრიგოს.

შეკითხვაზე, უშვებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმის ალბათობას, რომ თუ ვენეციის კომისიიდან და ოდირიდან ნეგატიური შეფასებები მოვა, აღნიშნული კანონპროექტები შესაძლოა, უკან იყოს გაწვეული, სამხარაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიიდან და ოდირიდან ნეგატიური შეფასებების მოლოდინი არ აქვს.

„შესაძლოა, რაღაც ასპექტში ნეგატიური შეფასება მოვიდეს, მაგრამ არ მგონია, სრულიად ნეგატიური მოვიდეს. იმიტომ, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ 2 000-ლარიანი ჯარიმა საკმარისია“, – განაცხადა სამხარაძემ.