ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ ერთადერთი წამალი, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს, არის ნატო-ში ინტეგრაცია
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ ერთადერთი წამალი, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს, არის ნატო-ში ინტეგრაცია

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნატო-ში ინტეგრაცია დაჩქარდეს, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ ერთადერთი წამალი, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს, არის ნატო-ში ინტეგრაცია. იმიტომ, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანასთან რუსეთი ბევრად უფრო ფრთხილად მოიქცევა, ვიდრე არაწევრ ქვეყანასთან“, – განაცხადა სამხარაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ იჩენს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით იმ ტიპის პრაგმატულობას, როგორც მაგალითად, უკრაინა, რადგან, როგორც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, ის მზად არის, მათ შორის, ერთი-ერთზე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან საკმაოდ პრაგმატული ურთიერთობები აქვს.

„ჩვენ რუსეთთან საკმაოდ პრაგმატული ურთიერთობები გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ აღდგენილია ფაქტობრივად, ძალიან დიდი ნაწილი სავაჭრო ურთიერთობების, აღდგენილია მიმოსვლის ნაწილი და იგივე ჰუმანიტარული ნაწილი. თუმცა, პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ რაც არ უნდა პრაგმატულობა გამოვიჩინოთ, ეს ეჯახება კედელს, რომელსაც ჰქვია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რუსეთმა უკან წაიღოს აღიარება“, – განაცხადა სამხარაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ეს ამოცანა მაღალ დონეზე პირადი ურთიერთობების გარეშე განხორციელდეს, სამხარაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს განცდა, რომ ამ ამოცანის განხორციელება მაღალ დონეზე პირადი ურთიერთობებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ რომ გვქონდეს იმის განცდა, რომ მაღალ დონეზე პირადი ურთიერთობები ამას მოაგვარებს, მაშინ, შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს განცდა არ არსებობს. იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან არ ჩანს მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის, აღიარების საკითხი უკან წაიღოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. ამიტომ, ამ მხრივ, ერთგვარი ჩიხია ურთიერთობებში“, – განაცხადა სამხარაძემ.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ჩიხიდან გამოსვლას გარკვეული პერიოდი დასჭირდება და ასევე, დასჭირდება ნატო-ში კიდევ უფრო დაჩქარებული ინტეგრაცია.

„ნატო-ში ინტეგრაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების ქოლგას ნიშნავს და მეტ ეკონომიკურ განვითარებას, რადგან ქვეყანა რაც უფრო უსაფრთხოა, იქ მეტი ინვესტიცია იდება, ამასთან ერთად, ეს ასევე დააჩქარებს ჩიხიდან გამოსვლის საკითხს. იმიტომ, რომ რუსეთს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ საქართველო ნატო-ში არ შევიდეს და თუ საქართველო მაინც შევიდა ნატო-ში, ამის შემდეგ ალბათ, მათი ხედვაც შეიცვლება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.