ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კრიზისის ნიშნებისას ინვესტორები აყოვნებენ გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, პირდაპირ აისახება ლარის კურსზე
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კრიზისის ნიშნებისას ინვესტორები აყოვნებენ გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, პირდაპირ აისახება ლარის კურსზე

საინვესტიციო გარემოს შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი პოლიტიკური მდგომარეობაა. განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ მდგომარეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ინვესტორებისთვის, – აცხადებს კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

​„შესაბამისად, თუ კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა, ამ შემთხვევაში ინვესტორები ძალიან მარტივად აყოვნებენ გადაწყვეტილებების მიღებას, ვიდრე არ შეიცვლება სიტუაცია. ეს არის პრაქტიკულად ის მოცემულობა, რომლითაც ინვესტორი პოტენციურად იღებს გადაწყვეტილებას. თუ არის კრიზისის ნიშნები, ისინი აყოვნებენ გადაწყვეტილებას, რაც ეკონომიკაზე რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელი სიტუაცია ამის წინაპირობაა სამწუხაროდ, კოვიდთან ერთად. შეიმჩნევა უკვე შენელება და ეს პირდაპირ აისახება ლარის კურსზეც, მიუხედავად ამხელა ინტერვენციისა, რომელიც გუშინ განხორციელდა სებ-ის მიერ. დღეს ლარის კურსი ისევ მაღალია.

ჩვენ, ბიზნესი უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შუალედური გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელზეც ვზრუნავთ და შესაბამისად, არ გვინდა, რომ ქვეყანაში ასეთი უმართავი პროცესები ეკონომიკური თვალსაზრისით წარიმართოს“, – აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.