ნიკა სანდოხაძე - საბა გოგლიჩიძე ისეთი ნიჭიერია, არ გამიკვირდება, „მილანის“ და „რეალის“ დონის გუნდში რომ ითამაშოს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა ნიკა სანდოხაძემ საქართველოს პირველ არხთან ყოფილ თანაგუნდელზე, საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა – 30 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც სეზონის ბოლოს ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველების ნომინაციაში და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, იმედოვნებს, რომ „ემპოლის“ ახალგაზრდა მცველი კიდევ უფრო მაღალ დოენზე ითამაშებს.
„საბა გოგლიჩიძე ნიჭიერი ფეხბურთელი და რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანია. ქუთაისის „ტორპედოში“ პირველივე ვარჯიშიდან დამამახსოვრდა, რადგან ყველასგან გამორჩეული იყო. იშვიათად მის ასაკში მცველი ასეთი სრულყოფილი იყოს და ეს თავლში მომხვდა.
პატარა ასაკიდან ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი, მერეც ბევრი ტალანტი მინახავს. მახსოვს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე, რომლებიც შეტევაში ნამდვილი ტალანტები იყვნენ, მაგრამ საბასნაირი ნიჭიერი მცველი არ მახსენდება – მას ყველაფერი მისცა ღმერთმა, რაც მცველს უნდა ჰქონდეს.
ბურთის ართმევა იცის მაგრად, მაღალია – 190 სმ-ზე მეტი, ბუნებრივი ჯანი აქვს, მცველის კვალობაზე ძალიან სწრაფია და ჭკვიანი.
მთელი საქართველო მის იმედადაა. 20 წლის ბიჭმა იტალიის ჩემპიონატში ადგილი დაიმკვიდრა, რაც პატარა ამბავი არაა. მიმაჩნია, საბა ასე თუ გააგრძელებს, შეუძლია უმაღლეს დონეზე გამოიჩინოს თავი და არ გამიკვირდება, „მილანის“ და „რეალის“ დონის გუნდში რომ ითამაშოს. მას ამის პოტენციალი გააჩნია“, – ამბობს ნიკა სანდოხაძე.